...
12 ოქტომბერი 2020
ონლაინ ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე
სიახლეები

10 და 11 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corners Batumi) ორგანიზებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერების კვლევებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ამავე მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ჩაატარეს საჯარო ლექციები თემაზე „რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე“.

 

 

ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა რუსული პროპაგანდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე რუსეთის იმპერიიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეგი ქარცივაძის ლექცია კი ეხებოდა რუსულ პროპაგანდას ცივი ომისა და პოსტ საბჭოთა პერიოდებში ისევე, როგორც თანამედროვეობაში. ლექციების ფარგლებში, სპიკერებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

 

- რა არის პროპაგანდა? - განსხვავება პროპაგანდასა და დარწმუნებას (persuasion) შორის; მედია, როგორც მედიუმი და მანიპულაციის წყარო; ჰერმანისა და ჩომსკის მედია თეორია - როგორ იქმნება ნიუსი და რა არის ობიექტური ინფორმაცია; „დემოკრატიული მანიპულაციის“ თეორია

 

- პროპაგანდა რუსეთის იმპერიაში - საფრანგეთის რევოლუცია, დეკაბრისტების აჯანყება და უვაროვის ტრიადა - "მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხოსნობა". ხელოვნება, არქიტექტურა, ლიტერატურა, პრესა.

 

- პროპაგანდა რუსეთის რევოლუციის შემდეგ: საბჭოთა პროპაგანდის საწყისები - კლასობრივი მტრების კონცეფციის გაჩენა, საგანმანათლებლო რეფორმა - პროპაგანდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, პრესა, კომკავშირი, პიონერები, კინო, ევრაზიანიზმის იდეის დაბადება.

 

- სტალინიზმი და პროპაგანდა - პიროვნების კულტის შექმნა, ნაციონალიზმის ახალი პოლიტიკა, კულტურის დღეები, საგანმანათლებლო რეფორმა, პრესა, ხელოვნება, ლიტერატურა, ცენზურა და რეპრესიები.

 

- ცივი ომი და ანტიდასავლური პროპაგანდა - ამერიკის მტრის ხატის შექმნა, მედია, კინო, განათლება, მეცნიერება და ცენზურა; საბჭოთა ხელისუფლების მიერ შიდა საპროტესტო მოძრაობების ჩახშობა და მიჩქმალვა, ოპონენტებისა და დისიდენტების დემონიზაცია.

 

- პოლიტიკური ტექნოლოგიების განვითარება პოსტ საბჭოთა რუსეთში - ელცინისა და პუტინის საარჩევნო კამპანიები, პუტინის „ბრძოლა“ ოლიგარქებთან, ჩეჩნეთის ომის ინსტრუმენტალიზაცია, ანტი-ფერადი რევოლუციების კამპანია, მედიის კონტროლი და პოლიტიკური რეპრესიები. ევრაზიანიზმის იდეის აღორძინება, რუსეთის ეკლესიის როლი, „რუსული სამყარო“ და პროპაგანდა პოსტ საბჭოთა სივრცეში.

 

- რუსული პროპაგანდა და სოციალური ქსელები - ბოტებისა და ტროლების გაჩენა, დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელება, ჩარევა უცხო ქვეყნების არჩევნებში, რუსული მედიის ინტერნაციონალიზაცია - RT, სიმულაციური რეალობის შექმნა.

 

შექმნილი ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, ორივე ლექცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ლექციების შემდეგ კი გაიმართა დისკუსია იმ თემების ირგვლივ, რაზეც სპიკერებმა ისაუბრეს. ასევე, დისკუსიის ფარგლებში, დამსწრეებმა განიხილეს რუსული პროპაგანდის თანამედროვე საფრთხეები საქართველოსთვის, განსაკუთრებით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

 

ლექციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ანტონ ვაჭარაძის ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე - I ნაწილი (რუსეთის იმპერია, საბჭოთა ეპოქის საწყისი, 1920-30-იანი წლები).

მეგი ქარცივაძის ლექცია - რუსული პროპაგანდა: იმპერიიდან თანამედროვეობამდე - II ნაწილი (პროპაგანდისა და დეზინფორმაციის თანამედროვე თეორიები, საბჭოთა კავშირის დაშლა, დამოუკიდებლობის წლები).