...
15 დეკემბერი 2020
IDFI საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ბიუჯეტში რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით მიმართავს
სიახლეები

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი უახლოეს დღეებში კენჭს უყრის მთავრობის მიერ წარდგენილ 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ არ ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის (შემდგომში: რეპრესირებულები)  7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდას.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალი“ მიმდინარე წელს უკვე მესამედ მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიდან 44 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მსგავსი შინაარსის წერილებით მიმართა 2020 წლის 24 ივნისის და 27 ივლისის. მთავრობამ 24 ივნისით დათარიღებული ქვემდებარეობით გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო 27 ივლისის წერილზე პასუხი IDFI-ს დღემდე არ მიუღია მთავრობის ადმინისტრაციიდან. 24 ივნისით დათარიღებულ წერილზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია სუბსიდიების ზრდასთან დაკავშირებით იყო შემდეგი: მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის გაზრდა გამოიწვევს ზემოაღნიშნულ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა (ქ. თბილისში 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირები, სამხედრო ძალების ვეტერანები, ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შშმ პირები და სხვა - რედ.) სამართლიან უკმაყოფილებას ანალოგიური შეღავათით სარგებლობის მოთხოვნით.

 

IDFI-იმ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და 2020 წლის აპრილში ორი კვლევა გამოაქვეყნა - „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება“ და „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა". კვლევების შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

- სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის ყველაზე დაბალი, 7 ლარიანი, დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად) ეძლევათ სწორედ რეპრესირებულებს;

 

- რეპრესირებულთა რიცხვი ყოველწლიურად ბუნებრივად იკლებს. მაგალითისთვის, 2010 წლის იანვრის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობდა 20,775 პოლიტიკური რეპრესირებული, რომელთა რაოდენობა 2020 წლის იანვრის მდგომარეობით განახევრდა - 10,396 პირი, რასაც ძირითადად რეპრესირებულთა ასაკი განაპირობებს;

 

- რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 44 ლარამდე გათანაბრების შემთხვევაში (რითაც სარგებლობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა) 2021 წლის საბიუჯეტო ხარჯის ზრდა იქნება დახლოებით 4,2 მილიონ ლარამდე.

 

2020 წლის 1 ივლისს, პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge, IDFI-იმ, რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით პეტიცია დაარეგისტრირა. ერთი თვის მანძილზე 10,000 ელექტრონული ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო განეხილა პეტიციაში აღწერილი საკითხი. მიუხედავად სურვილისა, ხანდაზმულ რეპრესირებულთათვის, რომლებიც ნაკლებად სარგებლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, დაუძლეველი აღმოჩნდა პეტიციის ხელმოწერისთვის გასავლელი ელექტრონული ლაბირინთი: პეტიციის პორტალზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ელექტრონული ფოსტის ფლობა, რომელიც რეპრესირებულთა უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია, ახლის შექმნა კი მათთვის სირთულეს წარმოადგენს. ხელმომწერი პირი პირადი ელექტრონული ფოსტით რეგისტრირდება პეტიციების ონლაინ პორტალზე, შემდგომ კი მეილზე გამოგზავნილი სპეციალური ბმულით ადასტურებს ანგარიშის შექმნას. მხოლოდ აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ხდება შესაძლებელი პეტიციაზე ხელმოწერა. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ IDFI-ის მიერ დარეგისტრირებულმა პეტიციამ საჭირო 10,000 ხმა ვერ მოაგროვა.

 

2020 წლის 11 დეკემბრის წერილით, IDFI კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რათა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით უზრუნველჰყოს რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7-დან 44 ლარამდე გაზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცირედით, თუმცა, მაინც შეამსუბუქებს ასაკობრივ რისკ ჯგუფში მყოფ რეპრესირებულთა ოჯახის წევრების მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე, რომელიც კვლავ მუდმივ დინამიკაშია.

 

 

 

 

___

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.