24 თებერვალს 51-ე სკოლის 10-ე კლასის მოსწავლეების მოწვევით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საინფორმაციო სახის შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის, 1937-1938 წლების რეპრესიებზე მიუკერძოებელი და ფაქტებით გამყარებული ინფორმაციის მიწოდება.
ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა 1937-38 წლების რეპრესიებზე და იმ კვალზე რაც ამ რეპრესიებმა საქართველოზე დატოვა. საუბარი შეეხო რეპრესიების მიზეზებს, მიზნებს, მის შედეგებს, პიროვნული თავისუფლების არარსებობას, ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკეს, საზოგადოებრივ შიშს, რეპრესირებული და რეპრესიების სათავეში მყოფი ადამიანების ოჯახების ბედს და სხვა ბევრ საინტერესო საკითხს. პრეზენტაცია ვიზუალური მასალით იყო გამდიდრებული.
გიორგი კლდიაშვილმა მოსწავლეებს გააცნო როგორც ელექტრონული მასალები - დაკითხვის ოქმები, დაპატიმრებულთა სურათები, ამონარიდები წერილებიდან და მოგონებებიდან, ასევე ‘სტალინური სიების’ გამოფენის რამდენიმე საინტერესო ბანერი საზოგადოებისთვის ცნობილი რეპრესიების მსხვერპლი ადამიანებისა და ე.წ. სამეულის წევრთა ფოტოებით.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საკითხისადმი, დასვეს შეკითხვები, შეეცადნენ რეპრესირებულთა ბაზაში საკუთარი წინაპრების პოვნას და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში ითანამშრომლონ IDFI-სთან.