...
01 მარტი 2021
IDFI-ის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები
სიახლეები

 

წელს 1 საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. 100 წლის წინ საქართველოს ოკუპაციას წინ უძღვოდა რამდენიმე კვირიანი თავგანწირული ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც 25 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდა. უთანასწორო ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ოკუპანტმა ბოლშევიკურმა რუსეთმა კი შეთანხმება და საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია - წითელმა არმიამ ქვეყნის სამწლიანი თავისუფლება დაასრულა და საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის ნაწილად აქცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების წევრები იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ და სამშობლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა საზღვრებს გარეთ გაეგრძელებინათ. საქართველოში კი, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიები დაიწყო. დააპატიმრეს და დახვრიტეს ქვეყნის თავისუფლების იდეისთვის მებრძოლი უამრავი ადამიანი. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ უმძიმეს თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გამართა არაერთი ღონისძიება, რომელთა მიზანიც იყო საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისა და ეროვნული სულისკვეთების წარმოჩენა, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეისათვის მსხვერპლად შეწირული გმირებისათვის პატივის მიგება.

 

22 და 23 თებერვალს, IDFI-ისა და ბათუმის ამერიკული კუთხეების (American Corners Batumi) თანამშრომლობით ჩატარდა ორი საჯარო ონლაინ ლექცია სკოლის მოსწავლეებისთვის. 22 თებერვალს, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ანალიტიკოსმა, მეგი ქარცივაძემ ისაუბრა პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსული საინფორმაციო ომის მიზნებზე, სტრატეგიასა და შედეგებზე, 23 თებერვალს კი, IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ჩაატარა ლექცია 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლაზე, საქართველოს გასაბჭოებასა და შემდგომ ტრაგიკულ მოვლენებზე. ლექციების ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ IDFI-ის წარმომადგენლებისთვის და ჩართულიყვნენ აქტიურ დისკუსიაში ზემოხსენებულ თემებთან დაკავშირებით.

 

 

 ანტონ ვაჭარაძე დამოუკიდებელ საქართველოში 1921 წლის წითელი არმიის შემოსვლის შესახებ

 

 

მეგი ქარცივაძე რუსული პროპაგანდის შესახებ

 

25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, IDFI-მ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში გამართა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს გასაბჭოების შესახებ საარქივო და ფოტომასალა, დამოუკიდებლობის იდეისათვის მსხვერპლად შეწირული ადამიანების პირადი ისტორიები და ფოტოები, იუნკრებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათი ფოტოები, ივანე ჯავახიშვილის ისტორიული მიმართვა სტუდენტებისადმი და სხვა მასალები, რომელსაც ინფორმატიული ტექსტები დაურთო პირველი რესპუბლიკის მკვლევარმა, სალომე ჭანტურიძემ. გამოფენაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, მისმა მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა, Sida-ს წარმომადგენელმა, კახა ხიმშიაშვილმა, სალომე ჭანტურიძემ და ანტონ ვაჭარაძემ. პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, IDFI-მ საგამოფენო მასალები განათავსა ვებგვერდზეც. შესაბამისად, წარმოდგენილი გამოფენის დათვალიერება ონლაინ სივრცეშიც არის შესაძლებელი. ამასთანავე, 1 მარტიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოფენა დაათვალიერონ ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, 26 მაისის სახელობის დარბაზში.

 

 

25 თებერვალს გამართულ გამოფენაზე, ასევე, გაიმართა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის    „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“ და ილუსტრაციების კონკურსის „საბჭოთა ოკუპაცია - 100 წლის შემდეგ“ გამარჯვებულების დაჯილდოება. კონკურსების მიზანი იყო საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ახალგაზრდებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია, საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. შემოსული საკონკურსო ნაშრომებიდან საპრიზო ადგილებისთვის ესეების კონკურსში შეირჩა სამი, ილუსტრაციების კონკურსში კი - ორი კონკურსანტი.

 

ესეების კონკურსში გამარჯვებულები არიან:

I ადგილი - ირაკლი ლეონიძე, „მოსაზრებები სამუსლიმანო საქართველოს სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებით

II ადგილი - ლეილა ჩხეტიანი, „1921 წლის ოკუპაცია და „პერესტროიკის“ ხანის ქართული გაზეთები

III ადგილი - ნინო ჩანადირი, „საბჭოთა ოკუპაციის ნარატივი რუსეთ-საქართველოს თანამედროვე ურთიერთობების ფონზე: პოლიტიკა, მეხსიერება, იდენტობა"

 

ილუსტრაციების კონკურსის გამარჯვებულები კი არიან:

I ადგილი - მარიამ ჩაგელიშვილი

II ადგილი - მექი გიორგაძე

 

                                                

 

                                           ავტორი: მარიამ ჩაგელიშვილი                          ავტორი: მექი გიორგაძე

  

26 თებერვალს, IDFI-ის ორგანიზებითა და Sida-ს მხარდაჭერით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე ცნობილმა მხატვარმა, ლია უკლებამ შეასრულა გრაფიტი საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებით.