IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა (Центр досліджень визвольного руху / Center for Research of the Liberation Movement) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრი 2002 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის მე-20 საუკუნის უკრაინის განმათავისუფლებელ მოძრაობებს, იკვლევს მეხსიერებასა და ტოტალიტარული წარსულის შედეგების დაძლევის პროცესებს ყოფილი საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში. ცენტრის მისიაა წარსული ხელმისაწვდომი გახადოს. ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:
1. საარქივო მიმართულება: ყოფილი КГБ–ის არქივების ღიაობა. მატერიალური და ციფრული არქივების შექმნა;
2. საგანმანათლებლო: ცენტრი ახორციელებს არაფორმალური განათლების პროგრამებს ახალგაზრდა მეცნიერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც მეხსიერების კულტურის საკითხებზე მუშაობენ;
3. სამეცნიერო: სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების ყოველწლიური კონკურსი მე-20 საუკუნის უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. სამეცნიერო ჟურნალის "უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობა" მომზადება, გამოცემა და სხვა ღონისძიებები;
4. საკონსულტაციო: საზოგადოებისთვის კონსულტაციის გაწევა. მოხალისეობრივ საფუძველზე. ცენტრი დაინტერესებულ მოქალაქეებს ურჩევს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მოიძიონ საარქივო ინფორმაცია განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებისა და რეპრესირებული ნათესავების შესახებ.
ვინაიდან IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულება აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს საქართველოში, შესაბამისად, ორგანიზაციებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ საერთო პროექტების დაგეგმვას, გამოცდილების გაზიარებას, ქვეყნებში საარქივო ღიაობის ადვოკატირებასა და საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე მუშაობას.