...
07 მაისი 2021
ვებინარი - ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უკვე წლებია მუშაობს მეოცე საუკუნის ისტორიისა და ისტორიოგრაფიის კრიტიკულად გადააზრებაზე. ამავე მიზნით, 7 მაისს IDFI-მ გამართა ვებინარი: „ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი“. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვით, ვებინარი ემსახურებოდა ორგანიზაციის მიზანს, რომ წახალისდეს მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებაზე მსჯელობა და ანალიზი და გამოიკვეთოს დეზინფორმაციის ტენდენციები ისტორიოგრაფიასა და თანამედროვეობაში. ვებინარი შედგა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური ხელშეწყობით.

 

ვებინარზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც IDFI-ისთან ასოცირებული მკვლევრები, ისე ქართველი და უცხოელი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ისტორიაზე მომუშავე ექსპერტები. მათი მოხსენებები, ისევე როგორც დისკუსია შეეხებოდა ისეთ ფართო და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ძირითადი მითები, ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნებისთვის საბჭოთა პერიოდსა და თანამედროვე რუსეთში, ნაციონალიზმის ფაქტორი მეორე მსოფლიო ომის მობილიზაციის საკითხში და ვერმახტის ქართული ლეგიონის ისტორია.

 

ღონისძიება გახსნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე თანამედროვეობაში. ასევე, მან მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს და მომხსენებლებს თანამშრომლობისთვის.

 

ვებინარზე მოხსენებები წარმოადგინეს:

 

მეგი ქარცივაძემ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების ანალიტიკოსი) - მან ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მითების თანამედროვე რუსეთის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე.

 

მიხეილ ბახტაძემ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) - მისი მოხსენება შეეხებოდა იმ პოლიტიკურად დატვირთულ შინაარსს, რომელიც „მეორე მსოფლიო ომისა“ და „სამამულო ომის“ ტერმინოლოგიის უკან დგას.

 

გიორგი მამულიამ (საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი) - მისი მოხსენება შეეხებოდა ვერმახტის ქართული ლეგიონის დინამიკას, მათ მიზნებსა და მოტივაციას მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში.

 

ტიმოთი ბლაუველტმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკული საბჭოების დირექტორი საქართველოში, IDFI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) - მან ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ნაციონალიზმის გამოყენებას მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მობილიზაციაში, არამედ ასევე იმ ნაციონალისტურ ნარატივებს, რომელიც ძირითადად ისტორიის მის ინტერპრეტაციას ეფუძნება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან დღემდე.


ვებინარის მოდერატორი იყო ნინო გოზალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ასოცირებული მკვლევარი. ვებინარი შედგა Zoom პლატფორმის საშუალებით და მისი ჩანაწერი ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

___

 

 

 ვებინარი გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური ხელშეწყობით.