...
28 ივნისი 2021
IDFI-მ და Post Bellum-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და Post Bellum-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


Post Bellum 2001 წელს, ჟურნალისტებისა და ისტორიკოსების მიერ ჩეხეთში დაფუძნებული არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მოწმეების მოგონებებს და ცდილობს ამ ამბების ფართო საზოგადოებაში გავრცელებას. ორგანიზაცია თვლის, რომ მოწმეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამბების მოყოლის შესაძლებლობა და რომ ეს ისტორიები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - სწორედ ამ ხედვით შეიქმნა Post Bellum.


Post Bellum–ის მთავარი პროექტი არის „ერების მეხსიერება“ (Memory of Nations), იმ ადამიანების მოგონებათა კრებული, ვინც მე–20 საუკუნის ტოტალიტარული ეპოქა გამოიარა, ასევე ფოტოები, გაზეთები და სხვადასხვა ისტორიული ჩანაწერი. კრებული 12,000-მდე ისტორიისაგან შედგება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, მონაცემთა ბაზის საშუალებით.


დღესდღეობით გარდა მთავარი პროექტისა, Post Bellum მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს 23 საერთაშორისო პროექტს.


IDFI აქტიურად მუშაობს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევებზე. IDFI იზიარებს Post Bellum-ის მისიასა და ხედვებს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები თანხმდებიან რომ Post Bellum საკუთარ ცოდნას გაუზიარებს IDFI-ის და სამომავლოდ IDFI-ისთან ერთად დაგეგმავს საერთო პროექტებს აღნიშნული მიმართულებით.