...
20 ოქტომბერი 2020
IDFI-ის წარმომადგენლების შეხვედრა მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან
სიახლეები

12 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

 

IDFI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არქივების ღიაობის, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და მეხსიერების პოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. მათ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა IDFI-მ წლების განმავლობაში საბჭოთა საარქივო დოკუმენტების გადასარჩენად და სახელმწიფო არქივების ღიაობის გასაზრდელად, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გასააზრებლად, შესაფასებლად და რეპრესიების მსხვერპლთათვის სათანადო პატივის მისაგებად. უპირველეს ყოვლისა, მათ ისაუბრეს ორთაჭალის ციხის არქივების გადარჩენაზე, რომელიც საგანგაშო მდგომარეობაში იმყოფებოდა მანამ, სანამ ამ საქმით IDFI დაინტერესდებოდა. ასევე, საუბარი შეეხო IDFI-ის პროექტს, რომლის მიზანიცაა არქივების ღიაობის ხელშეწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში.

 

გარდა ამისა, შეხვედრის დროს, IDFI-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და ამასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე. მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, 7 ლარიანი დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად), სწორედ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, IDFI-მ, საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალთან“ ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც პირველი აქტივობა რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნაა. გიორგი კლდიაშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ყველა ის ნაბიჯი, რაც ორგანიზაციამ გადადგა ამ კუთხით და აქტივობები, რომელიც იგეგმება მომავალში.

 

დასასრულს, IDFI-ის წარმომადგენლებმა სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული პოლიტიკოსების, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილისა და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი მემორიალური ალბომები, ასევე ბანერი, რომელიც IDFI-მ დაამზადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოკუპაციის დარბაზისთვის და რომელიც მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიასა და ორგანიზაცია „გორგასლიანს“ შეეხება.

 

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მდგომარეობის, მათი რეაბილიტაციის, არქივების ღიაობისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ.

 

 

___

 

 

ღონისძიება ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.