ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით და საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ ექსპოზიციაში ორგანიზაცია „გორგასლიანის“ სტენდი.
„გორგასლიანი“ იყო არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც 1953 წლის მაისში შეიქმნა. ჯგუფი შედგებოდა 9 წევრისგან: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველი, თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ დოჩანაშვილი და გურამ სხირტლაძე.
1956 წლის 1 დეკემბერს „გორგასლიანის“ წევრებმა დაბეჭდეს ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და თბილისში გაავრცელეს. რამდენიმე დღეში ჯგუფის წევრები დააპატიმრეს. 1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუში საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი გამოფენა 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.), საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3.000-ზე მეტი ექსპონატი.
მუზეუმში არსებულ სტენდზე სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია „გორგასლიანის“ ყველა წევრის შესახებ. IDFI-მ მოიძია საქართველოს შსს არქივში დაცული ორგანიზაციის წევრების სისხლის სამართლის საქმეები, საიდანაც 7 წევრის ანკეტას თან ახლდა ფოტოსურათიც, რასაც დაუმატა გურამ დოჩანაშვილის და თეიმურაზ სხირტლაძის ფოტოები მათი საოჯახო არქივებიდან. საბოლოო ჯამში დამზადდა სტენდი, რომელზეც ასახულია დაზუსტებული ინფორმაცია ორგანიზაცია „გორგასლიანის“ შესახებ, ასევე წარმოდგენილია ყველა წევრის ფოტოსურათი.
IDFI და ეროვნული მუზეუმი გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი გამოფენა უფრო სრულყოფილი გახდეს, ექსპოზიცია შეივსოს ახლადაღმოჩენილი საარქივო წყაროებით და დაზუსტდეს სტენდებზე დაფიქსირებული მონაცემები.
___
საგამოფენო სტენდის შეცვლა დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.