...
25 ნოემბერი 2019
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია
სიახლეები

 

25 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწის ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომში შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო და ფოტო მასალა, ასევე ვრცელი ანოტაციები და კარლო ჩხეიძის ბიოგრაფიული და საზოგადო მოღვაწეობის ამსახველი დეტალები.

 

ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი; მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი;  ანტონ ვაჭარაძე - IDFI-ის საარქივო მიმართულების ხელმძღვანელი და ალბომის შემდგენელი. ასევე, ისტორიკოსები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

ამავე დღეს, 25 ნოემბერს, IDFI-ის ინიცირებით და დაფინანსებით, ზურაბ ჭავჭავაძის (N4) ქუჩაზე ქ.თბილისის მერიამ გახსნა ნიკოლოზ (კარლოჩხეიძისა და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალური დაფები. სწორედ ამ ქუჩაზე მდებარეობს სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (1917-1921 წლებში) და კონსტანტინე გვარჯალაძე (სავარაუდოდ 1908 - 1921 წლებში).

 

 

კარლო ჩხეიძე იყო რუსეთის იმპერიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილი მოღვაწე და მან დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის შემდგომ რუსეთში, კერძოდ კი, პეტროგრადში განვითარებულ მოვლენებში. იმპერიის დაშლის შემდეგ კი ის გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის საპარლამენტო ორგანოებს - ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებას. 1919 წლიდან ის იყო პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. მისი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წევრების ძალისხმევით, საქართველომ მსოფლიოს თანამეგობრობის მრავალი ქვეყნის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.  1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, კარლო ჩხეიძეს პარიზში მოუწია ემიგრირება, სადაც კვლავ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ცდილობდა საქართველოს დეოკუპაციას. 1926 წელს ავად მყოფმა და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილა კარლო ჩხეიძემ სიცოცხლე ტრაგიკულად, თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

კარლო ჩხეიძის მიერ თვითმკვლელობის წინ  ქაღალდზე  დაწერილი  ფრაზა: ,,ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“ (6 ივნისი, 1926 წელი)
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა:

 

მოგესალმებით,

 

ბედნიერნი ვართ, რომ დღეს წილად გვერგო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უდიდესი მოღვაწის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ღვაწლის დაფასება ორი აქტივობით: გამოიცა ალბომი, რომელიც ასახავს კარლო ჩხეიძის პოლიტიკური აქტივობის სიდიადეს, მის ცხოვრებასა და იმ ტრაგიზმს, რომელსაც ეს ადამიანი თავისი ურთულესი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. მეორე მხრივ, დღეს დილით, თბილისში, სახლზე, რომელშიც მან საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი გაატარა (იმიტომ, რომ რეალურად ის თბილისში ძალიან მცირე ხნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა) განთავსდა მისი და პირველი რესპუბლიკის მეორე გამოჩენილი მოღვაწის, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგის (მოადგილის), კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალური დაფები.

 

კარლო ჩხეიძე იყო იმ პერიოდის სოციალ-დემოკრატიის მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი. მან უდიდესი როლი ითამაშა ჯერ კიდევ რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მოვლენების დროს. კარლო თვეების მანძილზე რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე თებერვლის რევოლუციის შედეგად მოსული დროებითი მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი გახლდათ. სამწუხაროდ, რუსეთში, ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, უხეშმა და დაუნდობელმა ძალამ და ასევე კარლოს და მისი მოკავშირეების შეუთანხმებლობამ, ის აიძულა დაეტოვებინა რუსეთის პოლიტიკა. არადა, სავარაუდოდ, დროებითი მთავრობის რუსეთის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონის, საქართველოს და ზოგადად მსოფლიო მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდებოდა.

 

საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ, კარლო ჩხეიძე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი და სწორედ ამიტომ კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა დემოკრატიული რესპუბლიკის საპარლამენტო ორგანოებს - ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებას. მისი გამოცდილების და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტაქტების გათვალისწინებით, მას ენდო ევროპაში ქართული მისიის ხელმძღვანელობა. მაშინაც, ისევე როგორც დღეს, საქართველოს ხსნისა და გადარჩენის გასაღები დასავლეთში იდო და სწორედ ამისთვის იღვწოდა ის ერთი წლის მანძილზე, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელი პარიზის საზავო კონფერენციაზე. ეს ბრძოლა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რამდენიმე ათეულმა ევროპულმა და არა მხოლოდ ევროპულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ საქართველო აღიარა როგორც სუვერენული სახელმწიფო.

 

სამწუხაროდ, უხეში და ბოროტი ძალა საქართველოს საზღვრებს ძალიან მალე მოადგა... მათ შორის ეთნიკურად ქართველი ბოლშევიკების ძალისხმევით რუსეთმა ხელახლა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ის ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული განვითარება, რომელიც 100 წლის წინ გვქონდა და რომელიც ნამდვილად დასავლური ღირებულებებით გამოირჩეოდა, 70 წლის მანძილზე უხეშად შეაჩერა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ გაიბრძოლა ემიგრაციაშიც, თუმცა ეს ბრძოლაც უშედეგო აღმოჩნდა და კარლო ჩხეიძემ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

 

ყველაზე საინტერესო დეტალები, რაც ისედაც ცნობილი იყო და ჩვენ დოკუმენტურადაც დავადასტურეთ, არის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც პირველი რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები იჩენდნენ. დოკუმენტებში არის, მაგალითად, ის ხარჯები, რომელიც ჰქონდა კარლო ჩხეიძეს - კომუნალური, სამივლინებო და ა.შ. დოკუმენტებით დასტურდება, თუ როგორ ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ იმ პერიოდში პოლიტიკოსები. ამის,  ერთ-ერთი დადასტურება კი გახლავთ ის, რომ კარლო ჩხეიძეს თბილისში ცხოვრებისას, საკუთარი ბინა არ ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კონსტანტინე გვარჯალაძე დღევანდელი ზურაბ ჭავჭავაძის N4-ში მდებარე ბინის ნაწილს უთმობდა პარლამენტის თავმჯდომარეს. როდესაც ჩვენს პოლიტიკოსებს მივუთითებთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ვაზიარებთ ავსტრიელი, ნორვეგიელი და სხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსების მაგალითებს, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ სხვა, მათ გვერდით შეგვიძლია ამაყად ვახსენოთ კარლო ჩხეიძის, კონსტანტინე გვარჯალაძის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა პოლიტიკოსების მაგალითებიც.

 

კარლო ჩხეიძის ფინანსური ანგარიშები მივლინებაში ყოფნის პერიოდიდან (ივნისი, 1923 წელი)
კარლო ჩხეიძეს მივლინების დროს ჯამაგირად უხდიდნენ დღეში 25 ფრანკს, და  მგზავრობის ხარჯებს
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
 

 

 

კარლო ჩხეიძის მიერ გამოყენებული სახაზინო ნივთების სია (1925 წელი)
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

 

თუ დღეს მიხვალთ ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას) ქუჩის 4 ნომერში, სიხარულით და სიამაყით მინდა გაცნობოთ, რომ იქ იხილავთ კარლო ჩხეიძის და კონსტანტინე გვარჯალაძის მემორიალურ დაფებს. აღნიშნულისთვის დიდ მადლობა მინდა ვუთხრა პირადად მაკა ნასრაშვილს - მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, რომელიც დაგვეხმარა გაგვეგნო გზა ურთულეს ბიუროკრატიულ ლაბირინთებში. შენობა, სადაც მემორიალური დაფები განთავსდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და უამრავი პროცედურა დაგვჭირდა შედეგის მისაღწევად. მაკა იყო მერიის ის თანამშრომელი, რომლის გარეშეც აღნიშნული საქმე ვერ გამოვიდოდა, მან უამრავი დეტალი აიღო თავის თავზე და დიდი მადლობა ამისთვის მას!

 

IDFI-ის სახელით მადლობას ვუხდით:

 

მირიან ხოსიტაშვილს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს. მის გარეშე ალბომის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. ბიბლიოთეკამ ითავა ალბომის დაბეჭდვა და არა მხოლოდ. ასევე, დაგვეხმარა მათთან დაცული მასალის მოძიებაში და არქივიდან გამოითხოვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც სამწუხაროდ საკმაოდ ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.

 

მირიან მელუას, კარლო ჩხეიძის შთამომავალს. მან ოჯახში დაცული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები და ფოტოები გადმოგვცა.

 

ნატა ყუბანეიშვილს - დიზაინერს, რომელმაც მართლაც ძალიან ლამაზად გაფორმებული ალბომი შემოგვთავაზა.

 

ირაკლი ირემაძეს - ალბომის წინასიტყვაობის და მოკლე ბიოგრაფიის დაწერისთვის.

 

გიორგი მამულიას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საუკეთესო სპეციალისტს, რომელმაც ფასდაუდებელი რჩევები მოგვცა ალბომზე მუშაობისას.

 

ესმა მანიას, რომელმაც უანგაროდ ითავა ალბომის ქართულენოვანი ანოტაციების რედაქტირება. ესმა ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა ენის და, ამ მხრივ, ალბომი სრულყოფილია.

 

გიორგი ბეჟაშვილს და ნიკოლოზ სეფიაშვილს - ვინც ითავეს ალბომის ინგლისურენოვანი ტექსტების გამართვა და რედაქტირება.

 

და ცხადია, ჩვენი საარქივო მიმართულების ხელმძღვანელს ანტონ ვაჭარაძეს! კარლო ჩხეიძის ალბომის გამოცემა იყო მისი იდეა და ის არის ამ ალბომის სულისჩამდგმელი. მან სრულიად საზოგადოებრივ საწყისებზე, ყველანაირი დაფინანსების გარეშე, თავისი ინიციატივით შეაგროვა ინფორმაცია, დოკუმენტები, ფოტოები და სხვა მასალა და მან იმუშავა ალბომის მომზადებაზე და გამოცემაზე.

 

კარლო ჩხეიძის ალბომი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ სხვა მოღვაწეების ბიოგრაფიის ამსახველი ალბომები და მემორიალები. სახელმწიფო უწყებებმა უკვე გამოსცეს ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ალბომები, თუმცა არ არის გამოცემული ალბომები აკაკი ჩხენკელზე, ირაკლი წერეთელი, ბენია ჩხიკვიშვილზე, ევგენი გეგეჭკორსა თუ სხვა მოღვაწეებზე, ვინც პირველი ევროპული რესპუბლიკა შექმნა საქართველოში".

 

ღონისძიების ორგანიზატორია IDFI, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი, პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.