პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) არქეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ტომაშ ბორკოვსკი (Tomasz Borkowski) და 6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, 2022 წლის 22 იანვარს ბათუმს ეწვივნენ. ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია 4 არქეოლოგი და 2 ანთროპოლოგი, შემდეგი 2 კვირის მანძილზე აჭარაში აღმოჩენილი კიდევ ერთი, 1937-1938 წლების, მასობრივი ტერორის მსხვერპლთა სამარხიდან ნეშტების ამოსვენებისა და შესწავლის სამუშაოებს განახორციელებს.
სულ აჭარაში 2017-2019 წლებში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ და 2021 წელს ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობით, მსხვერპლთა 5 სამარხია შესწავლილი და 180-მდე ნეშტი ამოსვენებული.
პოლონელი სპეციალისტების ვიზიტი, რომელსაც ეპარქიასთან ერთად ორგანიზებას უწევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მიზნად ისახავს უკვე იდენტიფიცირებული №6 სამარხის სრულყოფილ შესწავლასა და ნეშტების ამოსვენებას.
IPN ექსპერტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ გააჩნიათ მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარების დიდი გამოცდილება. პოლონეთსა და მეზობელ ქვეყნებში მათ შესწავლილი აქვთ ასობით მსგავსი ადგილი. აღნიშნული ვიზიტი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო, მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
IDFI იმედოვნებს, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და პოლონელი სპეციალისტები, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, თავს გაართმევენ დაკისრებულ ამოცანას - არქეოლოგიურად და ანთროპოლოგიურად შეისწავლიან სამარხს და ამოსვენებულ ნეშტებს. გარდა სამუშაოებისა, დაგეგმილია სხვადასხვა დონის ვიზიტი და კულტურული ღონისძიება.
სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად IDFI ეტაპობრივად მოგაწვდით სიახლეებს.
მიმდინარე სამუშაოები მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.