...
06 ივნისი 2022
IDFI-მ კონფერენცია - „მსოფლიოს გამოფხიზლება: ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და ისტორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ ჩაატარა
სიახლეები

   

2022 წლის 3-4 ივნისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტმა, ასევე უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილმა საგამოძიებო მედია ლაბმა გამართეს კონფერენცია თემაზე: „მსოფლიოს გამოფხიზლება: ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და ისტორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.

 

„უკრაინაში ომითა და გლობალური პანდემიით განსაზღვრულმა ბოლო წლებმა, მსოფლიოს მასშტაბით, საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, სადაც დეზინფორმაცია დომინირებს, როგორც ეფექტური იარაღი. კრემლის დეზინფორმაციული პოლიტიკა დიდწილად ეფუძნება საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკების ფალსიფიცირებული ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას,“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

კონსტანტინე თოფურიამ ისაუბრა ჰიბრიდულ ომში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს დამარცხებაზე. მისი თქმით, აკადემიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მცდელობები უმნიშვნელოვანესია, რათა სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ შემობრუნდეს და ქვეყანა გაუმკლავდეს რუსეთისგან ამ ფორმით მომავალ აგრესიას.

 

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იყო, Atlantic Council-ის წამყვანი მკვლევარი, ნიკა ალექსეევა, რომელმაც კრემლის დეზინფორმაციასა და უკრაინაში ომამდე და ომის შემდეგ უცხოური ჩარევის ტექნიკაზე ისაუბრა. სტუდენტები და დამსწრეები გაეცნენ რუსეთის ჰიბრიდული ომის ბოლო ტენდენციებს, ასევე მცდარი ინფორმაციის გამოაშკარავების ინოვაციურ ტექნიკას.

 

კონფერენციაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დეზინფორმაციასთან მიმართებით კვლევებსა და გამოწვევებზე დისკუსია გამართეს საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე დარგის ექსპერტებმა: საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ; IDFI-ს ანალიტიკოსმა, ნინო გოზალიშვილმა; მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ, მარიამ გერსამიამ; IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დეზინფორმაციის უფროსმა მკვლევარმა, ნიკა მამულაძემ. დისკუსიის მოდერატორი იყო საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე.

 

   

დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად არსებული დეზინფორმაციული ნარატივები განიხილეს. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ არის რუსული ნარატივები გადმოტანილი საქართველოს საჯარო სივრცეში პრორუსული, რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების მიერ და რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ მედიაში.

 

IDFI-ის ანალიტიკოსმა ნინო გოზალიშვილმა ისაუბრა რუსული დეზინფორმაციის ტენდენციებზე უკრაინასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ რუსული დეზინფორმაციის მასშტაბები, ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციის ტონი, გაიზარდა და გაძლიერდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა რეგიონის ისტორიოგრაფიის კრიტიკული პერსპექტივის უზრუნველყოფა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდეს მომავალში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთავრობა ქმნის თავისთვის ლეგიტიმურ ისტორიულ კონტექსტს, ფრაგმენტული და არასწორად ინტერპრეტირებული ისტორიული ნარატივით.

 

აღნიშნული კონფერენცია გაიმართა IDFI-ისა და საქართველოს უნივერსიტეტის საერთო პროგრამის  „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა: ისტორია, თეორიები და გაბათილების საშუალებები“ გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში. პროგრამის მიზანია პროპაგანდასთან, მედიაწიგნიერებასთან, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით დისკუსიის საუნივერსიტეტო სივრცეში დამკვიდრება. კონფერენციაზე აღნიშნული პროგრამის მონაწილეებმა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევითი ნამუშევრები. პანელებს მოდერატორობას უწევდნენ საგამოძიებო მედია ლაბის ხელმძღვანელი, სოფო გელავა; კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ანდრო გოცირიძე და IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე.

 

ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს  სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

  

 

კონფერენცია ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.