კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, აგვისტოს ომის 14 წლისადმი მიძღვნილი კამპანიის - „რუსეთს უნდა ომი, და არა დასავლეთს“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გამართა. IDFI-სა და ZINC Network-ის ერთობლივი ილუსტრაციების კონკურსის შედეგად გამოვლენილი ნაშრომის საფუძველზე, გორში გაიხსნა აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი გრაფიტი. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით დგას.
დისკუსიის ფარგლებში კოალიციის წევრებმა, ადგილობრივ მოქალაქეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილეს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოწვევები საქართველოში 2008 წლის ომისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ფონზე.
მეორე პანელური დისკუსიის ფარგლებში, განხილული იყო USAID-ის დახმარებით შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტების: „სოლიდარობის ბრენდინგი“, „გორის ახალი იდენტობა“ და „უჩინარი გმირების“ შედეგები. პროექტი „სოლიდარობის ბრენდინგი“ ხორციელდება Georgian Information Integrity Program(GIIP) (კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის) / USAID დაფინანსებით. პროექტის მიზანია ჩამოაყალიბოს ახალი ბრენდის იდენტობა, რომელიც გამოხატავს ფიზიკურ და ემოციურ სოლიდარობას ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ხელს შეუწყობს აღნიშნული ტერიტორიის გასწვრივ შექმნილ წარმოებულ პროდუქციას.
პროექტი “გორის ახალი იდენტობა” ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ და იგი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ქალაქის შესახებ ისტორიული და თანამედროვე წყაროების დამუშავების შედეგად, ალტერნატიული იდენტობის შეთავაზებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IDFI-ს წარმომადგენელმა ნინო გოზალიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა ვებგვერდი www.gorimaps.ge , რომლის საშუალებითაც ქალაქ გორის რუკაზე გაკეთებული სპეციალური აღნიშვნებით შესაძლებელია ინფორმაციის მიღება კონკრეტული ადგილის შესახებ.
პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო გრაფიტიც. გრაფიტი, რომლის იდეა კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ IDFI-მ, ZINC Network-ისა და USAID-ის დახმარებით განახორციელა, გორში მხატვარმა ლია უკლებამ შეასრულა და იგი აგვისტოს ომს ეძღვენება. ხოლო “უჩინარი გმირები” წარმოადგენს, პროექტს რომლის ფარგლებში ადგილობრივმა მედიამ შექმნა 7 ფილმი მავთულხლართებთან მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების, გამოწვევებისა და თავდადების შესახებ.