...
21 ოქტომბერი 2022
IDFI-მ ქუთაისში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში რეპრესირებულთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრები და ფილმის ჩვენება გამართა
სიახლეები

 

2022 წლის 18 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან“ თანამშრომლობით ქუთაისის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეპრესირებულთა საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

18 ოქტომბერს, აღნიშნული შეხვედრები, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასა და ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუდენტები, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 „მიუხედავად  იმისა, რომ  ფილმით გადმოცემული თემა ჩვენთვის კარგადაა  ცნობილი, მაინც ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საბჭოთა ოკუპაციის ყველა დანაშაულებრივი ქმედება, ვიცოდეთ ყველა მსხვერპლის შესახებ. ეს ჩვენი ისტორიული  ვალია. მადლობა ამ ფილმის შემქმნელებს, ეროვნული თვითგამორკვევის შენობაზე კიდევ ერთი აგურის დამდებლებს.“ – აღნიშნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა მაკა ძნელაძემ.

 

ქუთაისის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა კი ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო კვირეულის გახსნის ფარგლებში განხორციელდა.

 

19 ოქტომბერს პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმში, რომელსაც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა  ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას ეკუთვნის, რომელიც ასევე ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას.

 

20 ოქტომბერს დასკვნითი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

 

აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავლის" ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ მიმართა და ისაუბრა რეპრესირებულთა საკითხის მნიშვნელობასა და, ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე.

 

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც განხილული იყო რეპრესიების თემატიკა და ბათუმში აღმოჩენილი სამარხების გახსნისთვის გადადგმული ნაბიჯები. პრეზენტაციისას საუბარი შეეხო საბჭოთა პერიოდის მანკიერ მხარეებს, მასშტაბური რეპრესიების შედეგებს, საქართველოში რეპრესიებს შეწირული ადამიანების ბედს. ანტონ ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხების თემაზე და ისაუბრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) როლზე აღნიშნული სამარხის გახსნის საქმეში.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი. ფილმის მთავარი გმირი ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში მოიძებნება საშუალება, რათა მისი დნმ მასალა შედარდეს N6 სამარხში აღმოჩენილ 29 ადამიანის დნმ-თან.

 

შეხვედრები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება გქონდა საკუთარი აზრი და გამოცდილება გაეზიარებინა რეპრესირებულთა საკითხის ირგვლივ.

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida- ფინანსური მხარდაჭერით.