...
28 ოქტომბერი 2022
პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა
სიახლეები

 

2022 წლის 28 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ დაფინანსებული პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების“ ფარგლებში, საგამოძიებო მედია ლაბთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და ტრენინგი გამართა, რომელიც ითვალისწინებდა პროექტის მიმდინარეობისას განსახორციელებელ აქტივობათა შინაარსობრივი მხარის, ანტიდასავლური ნარატივის ანალიზის სპეციფიკისა და თანამედროვე აქტუალური საკითხების მიმართ კრიტიკულად მიდგომის დამკვიდრების პრაქტიკის განხილვას.


შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და საგამოძიებო მედია ლაბის ხელმძღვანელმა, სოფო გელავამ სტუდენტებთან ისაუბრეს პროექტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, ამ მხრივ, სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესის ფოკუსირებაზე იმ ნარატივებთან მიმართებით, რომლებიც მოიცავს მითითებებს დასავლურ მაგალითებზე, საერთაშორისო ახალი ამბების გაშუქებაზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს შედარებებზე, რომლებიც გამოიყენება მედიაში სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას.


დღესდღეობით, რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს, მიმართავს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის შიგნით პრორუსული, ანტიდასავლური ძალების არსებობა რუსული ნარატივის შედეგია. გრძელვადიანი საბჭოთა პროპაგანდის გამო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კვლავ არსებობს ნოსტალგია ერთიანი საბჭოთა კავშირის მიმართ, ასევე შიში ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის და ზოგადად, საზოგადოებისადმი.


საქართველოში USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ ჩატარებული ეროვნული წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საბჭოთა ნოსტალგია დღესაც აქტუალურია. საბჭოთა ნოსტალგია ყველაზე ძლიერია ხანდაზმულებში, სოფლის მოსახლეობასა და ეთნიკური უმცირესობების სეგმენტებში.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მცირე კვლევის ძირითადი აქცენტი იქნება 1970-იანი წლების ქართულ პრესაში შექმნილი ანტიდასავლური ნარატივის ანალიზი. განსაკუთრებით განხილული იქნება ანტიდასავლური დისკურსის აგების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები ყველაზე მნიშვნელოვან ყოველდღიურ გაზეთში - „კომუნისტი“, რადგან ეს იყო გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ საინფორმაციო ომს აწარმოებდა დასავლეთის წინააღმდეგ.


პროექტის მიზნებია:


- ანტიდასავლური პროპაგანდის ისტორიული განვითარების უკეთ გაგება, რომელსაც აძლიერებს რუსეთში განთავსებული რეჟიმი;


- სტუდენტების (მომავალი ჟურნალისტები და სოციალური მეცნიერებების ექსპერტები) ტრენინგები თანამედროვე აქტუალური საკითხის კრიტიკულად მიდგომასა და ღრმა ფესვების გამოკვლევაში;


- ანტიდასავლური პროპაგანდის გრძელვადიანი ხასიათისა და მისი ისტორიული წყაროების გაცნობიერების გაზრდა;


- გადამზადებული სტუდენტების მიერ საარქივო მასალის მოძიება და გამოყენება მედია მიზნებისთვის.


ანტიდასავლური პროპაგანდის ფესვების გაგება მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე დეზინფორმაციის ინსტრუმენტების ისტორიული აქტუალობის დემონსტრირებისთვის, რომლებსაც, ძირითადად, რუსული ან პრორუსული წყაროები იყენებს.

 

პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი / Institute for war and peace reporting (IWPR) ფინანსური მხარდაჭერით.