2022 წლის 9 თებერვალს, “პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა” (IPN) აჭარაში დაასრულა ექსჰუმაციის პროცესი და 1937-38 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა N6 მასობრივი სამარხის დამუშავება. 2022 წლის ოქტომბერში IPN-მა წარადგინა დასრულებული კვლევა - „არქეოლოგიური მოხსენება 2022 წლის 24 იანვრიდან 8 თებერვლამდე ჩატარებული ექსჰუმაციისა და კვლევითი სამუშაოების შესახებ ბათუმის №3 სამხედრო ბაზაზე, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №338, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, საქართველოში“.
ამ წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში, IDFI ჩართული იყო ხელვაჩაურში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე, საბჭოთა ეპოქაში რეპრესირებული ადამიანების მასობრივი სამარხის ექსჰუმაციის ღონისძიებებში. დღეისათვის, პრაქტიკულად, უმოქმედო სამხედრო ბაზაზე აღმოაჩინეს1937-38 წლების კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთა არაერთი მასობრივი სამარხი. კერძოდ, 2017-2021 წლებში აღმოჩენილი და დამუშავებული იყო სხვა 5 სამარხიც. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიასთან თანამშრომლობით IDFI-მ მოიწვია ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან (IPN) აფილირებული პოლონელი არქეოლოგების ჯგუფი, N6 სამარხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, რომელშიც ვარაუდობდნენ, რომ 30-მდე მსხვერპლი აღმოჩნდებოდა. მანამდე, ჯერ დედა სიდონია დარჩიას ძალისხმევით, მოგვიანებით კი, ტექსასისა და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტების დახმარებით, დაახლოებით, 178 ადამიანის ნეშტი იყო აღმოჩენილი.
გათხრებისთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, №6 სამარხი მზად იყო დამუშავებისთვის, რადგან გათხრებამდე ეს ტერიტორია გადაიხურა. Სამუშაოები კი გეგმის მიხედვით დაიწყო. სამარხის ზედა ფენა უკვე ამოღებული იყო, რამაც პროცესი მეტად გაამარტივა. ეს ყველაფერი 2021 წლის ზაფხულში, წინა მოსამზადებელი სამუშაოების დროს განხორციელდა. Პროცესს ხელმძღვანელობდა ძიებისა და კვლევის დეპარტამენტის (BPil) გუნდი IPN-დან, ანტონ ვაჭარაძე IDFI-დან და იღუმენია, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას წარმოადგენდა. ობიექტს წვიმისა და თოვლისგან დასაცავად დაემატა სადრენაჟო თხრილები, ხოლო ძველი გადახურვა ახლით, მეტად დიდი კონსტრუქციით ჩანაცვლდა.
მკვლევართა გუნდის პრიორიტეტი სამარხში აღმოჩენილი ნეშტების ექსჰუმაცია იყო. აღნიშნული პროცესი შეესაბამებოდა IDFI-ის მიზნებს, რეპრესირებულ ადამიანთა ბედის სრულად შესწავლის შესახებ. საბოლოოდ, აღმოაჩინეს საერთო მახასიათებლების მქონე 29 ნეშტი. ყველა მათგანს ხელები წვრილი თოკით ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, თუმცა ნეშტების აღმოჩენის მომენტისთვის ის უკვე გაწყვეტილი იყო, რადგან, სავარაუდოდ, ძაფისგან იყო დამზადებული. ამას გარდა, ყველა მსხვერპლს თავის ქალაზე ჰქონდა ტრავმა, რაც დახვრეტაზე, როგორც დასჯის მეთოდზე, მიანიშნებდა. უმეტეს შემთხვევაში, თავის ქალას დაზიანების ადგილი საკმაოდ მკაფიო იყო, რაც მიუთითებდა აშკარა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობაზე. თუმცა იმ შემთხვევებშიც კი, სადაც ეს ასე ნათლად არ ჩანდა, დაზიანებები მაინც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებზე მიანიშნებდა. დასჯის ზუსტი მეთოდი, გარდა იმ ფაქტსა, რომ ამას ცეცხლსასროლი იარაღით აკეთებდნენ, ოდნავ ბუნდოვანია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა მსხვერპლი ორმოს სიახლოვეს დაეხვრიტათ - ამაზე ნეშტების განლაგებაც მიუთითებს. სამარხში უამრავ სხვა ნივთთან ერთად 9 მმ-იანი კალიბრის ტყვიებიც აღმოაჩინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მსხვერპლი, სავარაუდოდ, ინდივიდუალურად დასაჯეს. ზოგი მათგანი, შესაძლოა, საკუთრივ თხრილშივე, სხვა ადამიანთა ზემოთ, დახვრიტეს. ზუსტი დასკვნის გამოტანა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
ნეშტების გარდა საფლავში 226 არტეფაქტი და არტეფაქტის ნაწილი აღმოაჩინეს, რომლებიც მსხვერპლებს ეკუთვნოდათ. არტეფაქტების უმეტესობა იყო ტანსაცმლის ფრაგმენტები (მაგალითად, ბალთა), რომელიც არ იყო დაშლილი. მათ შორის იყო რამდენიმე კბილის პროთეზი, სავარცხელი, მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ახლა სათანადოდ გაწმენდილია. არტეფაქტებიდან ზოგიერთი აშკარად მსხვერპლებს ეკუთვნოდა, თუმცა ნაწილი (მაგალითად, ფეხსაცმელი), როგორც არქეოლოგთა გუნდმა აღმოაჩინა, ორმოში მოგვიანებით ჩააგდეს. ეს უკანასკნელი ფაქტი, შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მსხვერპლებს დახვრეტამდე ჩხრეკდნენ, ახდევინებდნენ ფეხსაცმელს და დახვრეტის შემდეგ ნივთებს ორმოში ყრიდნენ.
საინტერესოა, რომ ორმოს თავზე და ნეშტებს შორის აგლომერირებული კირი შეინიშნებოდა. არქეოლოგებმა აღნიშნეს, რომ ეს უკავშირდება იმ დროისთვის გავრცელებულ არასწორ აზრს, რომ კირი ხელს შეუწყობდა ნეშტების სრულ გახრწნას, დაშლას, რაც ამ მსხვერპლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ყველა კვალს წაშლიდა. ამგვარად ჩვენ ვხედავთ საბჭოთა მეთოდს, რომლითაც ის მსხვერპლთა სრულ გახრწნასა და მათი კვალისა და მათზე არსებული მეხსიერების სრულ წაშლას ცდილობდა. ეს წარუმატებელი მცდელობა, დაეფარათ ისტორია, სრულ წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობის პრინციპებთან, რომ მსხვერპლების ბედი და მათი ისტორია უნდა იყოს ცხადი და დაუფარავი. ამ ინიციატივას ბოლო გათხრების დროს IDFI-თან ერთად IPN-იც უჭერდა მხარს. მართლაც, ეს ადგილი ხელვაჩაურში ერთობ მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირველი მსგავსი ტიპის სამარხი, რომელიც საქართველოში აღმოაჩინეს.
სრული კვლევა ინგლისურ ენაზე.
გათხრები ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.