...
02 დეკემბერი 2022
IDFI-მ რეგიონებში რეპრესირებულთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაასრულა
სიახლეები

2022 წლის ივლისიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და უკვე შემდგომში რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელ მომავალთან“ თანამშრომლობით, რეგიონული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა.


სულ გაიმართა 10 შეხვედრა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, რომელსაც დაესწრო 500-ზე მეტი დაინტერესებული მოქალაქე.


პირველი შეხვედრა 29 ივლისს, ქალაქ ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


29-30 სექტემბერს აღნიშნული შეხვედრები განხორციელდა კასპში - „ბესიკ ნიპარიშვილის“ მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში, ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბში. აღნიშნულ შეხვედრებს დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კასპის სკოლა-გიმნაზია საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული. შენობის სარდაფში საბჭოთა კავშირის პერიოდში მოწყობილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც სკოლის ძალისხმევით დაარსდა კასპის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და იქ საბჭოთა კავშირის ხელწერისთვის დამახასიათებელ არაერთი ნივთი დღესაც ინახება.
მუზეუმში ორი საგამოფენო დარბაზია მოწყობილი - ბანერებზე განთავსებული ინფორმაცია გვიყვება ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებიდან 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით ისტორიებს რეპრესიებსა და გამოვლილ ომებზე, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნინო ნიპარიშვილი აღნიშნავს: “ვფიქრობ, ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის შეხვედრა უნდა ჩატარდეს, მეტმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მეტმა ახალგაზრდამ უნდა ნახოს ეს ფილმი, რათა ქვეყნის სამომავლო არჩევანის გაკეთებისას, ყოველთვის ახსოვდეთ “დახვრეტილთა სასაფლაო”, ადგილი, რომელიც უამრავი უდანაშაულო ადამიანის, უმძიმეს ისტორიებს ინახავს.
სწორედ ასეთი შეხვედრები მიგვიყვანს იქამდე, რომ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის სრული უმრავლესობა ზუსტად შეაფასებს დახვრეტილთა სასაფლაოების შემქმნელ რეჟიმს, იმ რეჟიმს, რომლის პირდაპირი მემკვიდრე დღევანდელი რუსეთია”.


11-12 ოქტომბერს, აღნიშნული ღონისძიებები გაგრძელდა ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.


შეხვედრები გაიმართა ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ხონის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, რომელსაც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, ადგილობრივი მედია, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრისას სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ირმა გორდელაძემ აღნიშნა, რომ მისთვის სიახლე იყო ბევრი ფაქტი, რომელიც ფილმშია გადმოცემული, კერძოდ, რეპრესირებულთა საერთო საფლავები, ანთროპოლოგთა მძიმე რუტინა, იდენტიფიცირების რთული პროცესი.


“ფილმმა დიდი შთაბეჭდილება, ასევე მძიმე და სევდიანი განცდა დამიტოვა. ცალკე აღვნიშნავ პრეზენტაციას, რომელიც ფრიად მრავალფეროვანი იყო ახალი ფაქტებით, ფოტომასალებით. დიდი შრომაა გაწეული.
გამიჩნდა სურვილი ეს ფილმი და პრეზენტაცია ბევრმა ადამიანმა ნახოს, რათა აღარ დაბრუნდენ ბნელ წარსულში.
როგორც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ მსგავსი ფილმები და პრეზენტაციები უნდა გავრცელდეს სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს მართალი ისტორია.


ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის ძალადობრივი რეჟიმი მოაზროვნე ადამიანებს, როგორ ანგრევს ყველა ადამიანურ ღირებულებებს: აზრის, სიტყვის თავისუფლებას, თანასწორობას და აფერხებს წინსვლასა და განვითარებას,”- ირმა გორდელაძე.


ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, გრიგოლ მახარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “უფრო მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია როგორც კონკრეტულად ფილმში აღწერილი სამარხების შესახებ, ასევე ზოგადად სტალინური ეპოქის რეპრესიების შესახებ. გარდა ინფორმაციის მიღებისა, საინტერესო იყო აგრეთვე ფილმის ჩვენების შემდეგ გამართული კითხვა-პასუხის ის ნაწილიც, სადაც მსჯელობა ეხებოდა იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ დღეს, იქნება ეს კვლევების მიმართულებით მეტი დაფინანსება, მსხვერპლთა მუზეუმის მოწყობა თუ სხვა”.


18 ოქტომბერს, შეხვედრები ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასა და ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუდენტები, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


19 ოქტომბერს პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმში, რომელსაც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია და სწორედ მას ეკუთვნოდა ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა.


20 ოქტომბერს დასკვნითი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიასაშუალებები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.


აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა საბჭოთა პერიოდის მასშტაბური რეპრესიების მიმდინარეობასა და საქართველოში რეპრესიებს შეწირული ადამიანების ბედზე. დეტალურად განიხილა ბათუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხების გახსნისა და ნეშტების იდენტიფიცირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ამავდროულად, ხაზი გაუსვა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მნიშვნელობას, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ 7 ლარს შეადგენს.


შეხვედრების ბოლოს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა საპრეზენტაციო თემის ირგვლივ და მისთვის საინტერესო კითხვები გაეჟღერებინა.


საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.