...
19 დეკემბერი 2022
მე-4 საერთაშორისო კონფერენცია: „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“
სიახლეები

 

16 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია: „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ გამართა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, დასწრება შესაძლებელი იყო ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებითაც.

 

კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა არქივების ღიაობა, მეხსიერების პოლიტიკა და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ გამოწვევათა გადაჭრის გზები  განიხილეს. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ისტორიული ნარატივებით მანიპულაციაზე, დეზინფორმაციაზე, კრიზისულ პირობებში არქივების გადარჩენასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა აქტუალობა განსაკუთრებით გამოკვეთა რუსულმა ომმა უკრაინაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, მკვლევრები, იურისტები, ისტორიისა და მეხსიერების კვლევების აღიარებული სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც წლებია მუშაობენ ისტორიოგრაფიასა და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მან, პირველ რიგში, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციის, საერთაშორისო მემორიალის თავმჯდომარეს, იან რაჩინსკის მიულოცა მიღებული ჯილდო და მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის პოლონეთის ელჩს საქართველოში,  მარიუშ მაშკევიჩს (Mariusz Maszkiewicz), რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსა და პოლონეთის საერთო მეხსიერების საკითხებს. 

 

გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ არქივების ღიაობისა და საბჭოთა წარსულის გადაფასების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გამოჩნდა. 

 

“მანიპულაციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელია არქივების ღიაობა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა, რადგან პირველადი დოკუმენტური წყაროები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ბაზისს უახლესი ისტორიის ობიექტურად გაგებისა და ინტერპრეტირებისთვის, ამავდროულად, სახელმწიფო მმართველობასთან მიმართებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის,“ - გიორგი კლდიაშვილი.

 

კონფერენციის მომხსენებლებსა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) პრეზიდენტმა, თომას აიგნერმა. მან აღნიშნა, რომ ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია ინფორმაცია იყოს თავისუფალი. ყველა ის საკითხი კი, რაც არქივების ღიაობას უკავშირდება მნიშვნელოვანი ხდება ისტორიის შეფასება-გადაფასების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საბჭოთა კავშირს.

 

კონფერენცია შედგებოდა ოთხი ფართო სადისკუსიო პანელისაგან.

 

პირველ პანელს უძღვებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე. 

 

2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ისტორიულ-საგანმანათლებლო და უფლებადამცველი ორგანიზაციის, “საერთაშორისო მემორიალის”თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ წარადგინა მოხსენება „ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია რუსულ პოლიტიკაში: განდიდების მანიასა და დევნის მანიას შორის“. რაჩინსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში ცუდი მდგომარეობაა, ზოგადად, ისტორიული მეცნიერებების განვითარების კუთხით, რადგან სახელმწიფოს ხელშია მართვის სადავეები. საზოგადოების აზრზე გავლენისა და დისკუსიის შეზღუდვის ფაქტები კი მრავლადაა და ყურადღების გადართვის პრაქტიკაც აქტიურად ინერგება. „თანამედროვე რუსეთში არ არსებობს ფაქტები, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტაციები და ეს ტენდენცია ინერგება რუსულ ისტორიოგრაფიაშიც. აღნიშნულის შედეგია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არ არსებობს იმუნიტეტი დეზინფორმაციის მიმართ,” - აღნიშნა მან.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ევროპული უნივერსიტეტის (EHU, ვილნიუსი, ლიეტუვა) პროფესორმა, ირინა რამანავამ  ისაუბრა მეხსიერების “მტკივნეული” ადგილების აქტუალიზაციაზე 2020 წელს ბელარუსში საპროტესტო მსვლელობებისას და მას შემდეგ. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი ისტორიოგრაფიის არსებობის მნიშვნელობასა  და სასკოლო სახელმძღვანელოებში შესაბამისი მასალის სწორი კუთხით მიწოდებაზე.

 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) პროექტის მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმა ისაუბრა საქართველოში საბჭოთა ისტორიის ინსტრუმენტალიზაციასა და იოსებ სტალინის პოპულარობის ზრდის ტენდენციაზე.

 

მეორე პანელს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი, ტიმოთი ბლაუველტი. პანელის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა კრიზისულ პირობებში არქივების გადარჩენის გზებზე.

 

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დარგობრივი სახელმწიფო არქივის დირექტორმა, ანდრიი კოჰუტმა ისაუბრა უკრაინული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) არქივებზე ომის პირობებში, განიხილა საარქივო დოკუმენტაციის შენახვისა და მათზე წვდომის გამოწვევები. ყურადღება გაამახვილა რუსული საფრთხით გამოწვეულ ვითარებასა და საარქივო მასალათა გაციფრულების მნიშვნელობაზე.

 

“პირველი დეპარტამენტის” იურისტმა, არტიომ კუტლოვსკიმ ისაუბრა  რუსეთში ინფორმაციაზე წვდომასა და არქივებში მუშაობაზე, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას. ყურადღება გაამახვილა  რუსეთის არქივებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მუშაობისას წარმოქმნილ საფრთხეებსა და მკვლევართა დაცვის მექანიზმებზე. 

 

მესამე პანელს ხელმძღვანელობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლევან ავალიშვილი. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საარქივო ღიაობის მნიშვნელობაზე და, ამ მხრივ, გადასადგმელ  ნაბიჯთა  აუცილებლობაზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ წარადგინა Open-Archives.org-ის პლატფორმაზე ესტონეთის, ჩრ. მაკედონიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის საარქივო ღიაობის რეიტინგის პრეზენტაცია. განიხილა კვლევის მეთოდოლოგია და ისაუბრა საარქივო კანონთან მიმართებით არსებულ გამოწვევებზე.

 

ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, მეელის საუაეუკმა წარადგინა პრეზენტაცია ესტონეთში საარქივო ღიაობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში, საუაეუკმა, ესტონეთში არსებული საარქივო ღიაობის განხილვასთან ერთად, ისაუბრა ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც КГБ-ს ფაილები გადაეცა სახელმწიფო არქივს განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე, რადგანაც ესტონეთის მთავრობა არ აპირებს დაიცვას საბჭოთა კავშირის საიდუმლოებები.

 

ეროვნული ისტორიის ინსტიტუტის (სკოპიე, მაკედონია) პროფესორმა, კულტურის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბილიანა რისტოვსკა-იოსიფოვსკამ წარადგინა მოხსენება - „მაკედონიის საარქივო პრაქტიკა - უცხოური დომინაციიდან ეროვნულ სუვერენიტეტამდე“. მან ყურადღება გაამახვილა მაკედონიაში საარქივო დოკუმენტაციის  შენახვისა და საარქივო აქტივობების ქრონოლოგიასა და მნიშვნელობაზე. 

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ისტორიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ჰარისონ კინგმა ისაუბრა პირად გამოცდილებაზე საქართველოს არქივებში საბჭოთა “აჭარისტანის” კვლევასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია კვლევის ჩასატარებლად, რადგან ძალიან ბევრ მასალას ინახავს საქართველოს არქივები. თუმცა, საბჭოთა „აჭარისტანის“ კვლევისას, საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, გამოიკვეთა ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელთა დაძლევაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. არქივების მხრიდან, დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, სარესტავრაციო სამუშაოები სახელდებოდა, რაც აძნელებდა კვლევის დროულ ვადებში დასრულებას.

 

მე-4 პანელის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევების ასოცირებულმა პროფესორმა, ტიმოთი ბლაუველტმა იმსჯელა ისტორიის სწავლების სფეროში “დეცენტრირებასა” და “დეკოლონიზაციაზე”.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კულტურის კვლევების პროფესორმა, ნინო ჩიქოვანმა წარადგინა მოხსენება - „9 აპრილის ტრაგედია და სამოქალაქო უთანხმოების ასახვა სახელმძღვანელოებში“. აღნიშნული კვლევის ფარგლებში განიხილა სახელმძღვანელოებში გადმოცემულ მასალათა თავსებადობა ეროვნული სტანდარტით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით. ასევე განიხილა სახელმძღვანელოთა შინაარსობრივი მხარე საკვლევი თემის ირგვლივ და წარმოადგინა რეკომენდაციები.

 

ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიეტუვა) პოლიტიკურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტის დოქტორანტმა, მირკამრან ჰუსეინლიმ და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ისტორიის დეპარტამენტის დოქტორანტმა ფლორა ღაზარიანმა წარადგინეს მოხსენება „ეროვნული ისტორიის სახელმძღვანელოების გადაწერა სომხეთსა და აზერბაიჯანში: ახალი მეთოდოლოგია და არქივების საკითხი“. აღნიშნული მოხსენების ფარგლებში, განხილული იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები. მათ აღნიშნეს, რომ სახელმძღვანელოები არ შეიძლება იყოს ინოვაციური, თუ სახელმწიფო იდეოლოგია აკონტროლებს მათი წარმოების სისტემას.  

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, რუსეთისა და მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის ევრაზიული კვლევების პროფესორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროფესორმა სტივენ ჯონსმა, კონფერენციის ფარგლებში, წარადგინა პრეზენტაცია - “როგორ უწყობს ხელს ბიბლიოთეკები და არქივები დემოკრატიას”. მან ისაუბრა არქივების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არქივები გვეხმარება გავიხსენოთ წარსულის შეცდომები, რათა აღარ განმეორდეს ის. ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ქმედებებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არქივების სწორი ფუნქციონირება და ღიაობა.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას, პანელებს შორის, გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. საბოლოოდ კი, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ არქივების ღიაობის ადვოკატირებას თავიანთ ქვეყნებში.

 

კონფერენცია გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.