...
23 იანვარი 2023
აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია
სიახლეები

 

2023 წლის 18 იანვარს,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს მემორიალური ალბომის ავტორებმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა,ანტონ ვაჭარაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ; ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ; რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა და პროფესორმა დოდო ჭუმბურიძემ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელმა,ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა მემორიალური ალბომის შინაარსსა და გამოყენებულ საარქივო მასალათა მნიშვნელობაზე, მიმოიხილა აკაკი ჩხენკელის გადადგმული ნაბიჯები და გამოკვეთა მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შექმნაში.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი, 2022 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI),  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.

 

ალბომში თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.  მასში მოცემულია ინფორმაცია და ფოტომასალა აკაკი ჩხენკელის ოჯახის, განათლების, საქართველოს  დამფუძნებელ კრებასა და პირველი რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე ემიგრაციაში მოღვაწეობის შესახებ. 

 

აკაკი ჩხენკელი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის დეპუტატი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი,   საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა პირველი მინისტრი, 1921 წლიდან კი საქართველოს ელჩი საფრანგეთში. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მოწვევით, მას ხვდა წილად უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს, პირველი სიტყვის წარმოთქმის პატივი.

 

ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.