...
26 იანვარი 2023
საფრანგეთში აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
სიახლეები

 

2023 წლის 25 იანვარს,  საფრანგეთში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

25 იანვარს შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, სადაც IDFI-ის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილმა უმასპინძლა.

 

მოგვიანებით, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (EHESS) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

 

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა; რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, კლერ მურადიანმა; ემერიტუს პროფესორმა, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის პრეზიდენტმა, შარლ ურჟევიჩმა; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.

 

“დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დაეფუძნოს თერგდალეულების, მეორე და მესამე დასელების, პირველი რესპუბლიკის პარტიების მაგალითებს. კომუნიზმის მიერ 70 წლის განმავლობაში თავსმოხვეული ფსევდოეროვნული ღირებულებები, არასწორად გააზრებული გმირები თუ მოვლენები და შექმნილი ცრუ ხატებები უნდა ჩანაცვლდეს ზემოაღნიშნულით”, - გიორგი კლდიაშვილი.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი წარადგინეს წიგნის ავტორებმა - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი, თამარ ჩხენკელი; საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და სხვა მოღვაწეების შთამომავლები.

 

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას მისთვის საინტერესო კითხვების დასმისა და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება ჰქონდა.

 

IDFI-ს წარმომადგენლებმა და აკადემიის წევრებმა ისაუბრეს პირველი რესპუბლიკის კვლევის გაღრმავებასა და ერთობლივ აქტივობებზე.

 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. ალბომის გამოცემა დაფინანსდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ.

 

ღონისძიება გაიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით.