...
30 იანვარი 2023
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეები საფრანგეთში
სიახლეები

 

2023 წლის 25-28 იანვარს, საფრანგეთში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინიციატივით, საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

 

ღონისძიებები წარიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით. 

 

“საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეების” ფარგლებში, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (EHESS) საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც IDFI-ს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიცა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრანტთა საფრანგეთში მცხოვრები შთამომავლები. 

 

შეხვედრები მოეწყო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშიც, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილმა მიღება გამართა და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მზაობა გამოხატა. 

 

27 იანვარს შეხვედრა გაიმართა ინალკოში (INALCO), ენისა და ცივილიზაციათა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ცენტრის დირექტორთან, მარი ლიზ ცაგურიასთან და დირექტორის მოადგილესთან ბენჟამენ გიშართან, რომლებთან მოლაპარაკებების ფარგლებშიც, სამომავლოდ, ინალკოში (INALCO) არსებული ქართული კუთხის გაფართოება დაიგეგმა. IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ბიბლიოთეკას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოღვაწეების მემორიალური ალბომები გადასცა.

 

28 იანვარს გასვლითი შეხვედრა მოეწყო ლევილში, სადაც დელეგაციის წევრებმა ლევილის მერიის ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და შეხვედრა გამართეს ლევილის მერთან. მოგვიანებით კი, ლევილის შატო, მამული და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაო მოინახულეს.

 

ღონისძიება გაიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით.