2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 7 ლარიდან 40 ლარამდე იზრდება.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობასთან დაკავშირებით „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან მიმართებით, ვკითხულობთ:
“სოციალური დახმარების მიმღებთა ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული გასაცემელის ოდენობის გაზრდა.
7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირების ოჯახის წევრები და მათთვის სუბსიდიის მოცულობა 7 ლარიდან იზრდება 40 ლარამდე.”
.
წყარო: info.parliament.ge
აღნიშნული ცვლილების მისაღწევად საზოგადოება “საქართველოს მემორიალსა” და IDFI-ის რამდენიმეწლიანი ბრძოლა დასჭირდათ…
თანამედროვე საზოგადოება სრულად აღიარებს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების პრაქტიკის არსებობას ყოფილ საბჭოთა კავშირში. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, სახელმწიფოებმა საკუთარ თავზე აიღეს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენისა და მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება აღებული აქვს საქართველოსაც, თუმცა, ბოლო წლებში პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ეს ვალდებულება მხოლოდ ფორმალურად თუ სრულდებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში IDFI და საზოგადოება “საქართველოს მემორიალი” აქტიურად ადვოკატირებდა რეპრესირებულ პირთა და მათ მემკვიდრეთა სოციალური დახმარებისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდისთვის, ვინაიდან, წლების განმავლობაში, რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეადგენდა თვეში 7 ლარს. ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია, რათა საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტით უზრუნველეყო რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7-დან 44 ლარამდე (რითაც იმ მომენტისთვის სარგებლობდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა) გაზრდა. კამპანიის ფარგლებში, IDFI-მ და საზოგადოებამ „საქართველოს მემორიალმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2020 წელს მოთხოვნით სამჯერ მიმართა: 2020 წლის 24 ივნისს, 27 ივლისს. და 11 დეკემბერს.
მიმართვებს თან ერთოდა ორი კვლევა: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების სტატისტიკა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის მექანიზმები საქართველოში და მათი შეფასება, რომლებშიც დეტალურად იყო განხილული მიმდინარე სტატისტიკა, საერთაშორისო გამოცდილება და ბიუჯეტის ზრდა მომდევნო წლებში IDFI-ის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში. თუმცა, მიმართვები უშედეგო აღმოჩნდა - ორგანიზაციებმა მიიღეს ერთი და იგივე პასუხი - სუბსიდიის ზრდა არ იყო გათვალისწინებული.
2020 წლის 1 ივლისს, პორტალზე ichange.gov.ge, IDFI-მ, რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით პეტიცია დაარეგისტრირა. ერთი თვის განმავლობაში 10,000 ელექტრონული ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო განეხილა პეტიციაში აღწერილი საკითხი. პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა, რაც გამოწვეული იყო, მათ შორის, დაინტერესებული პირებისთვის ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის პროცედურული სირთულეებით.
2021 წლის 30 ივნისს IDFI-მ და საზოგადოება „საქართველოს მემორიალმა“ კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს. ორგანიზაციებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 2021 წლის 18 აგვისტოს მიიღეს პასუხი: „არსებული მაკროფისკალური პარამეტრების და ქვეყანაში სოციალური გასაცემლების მოცულობის გათვალისწინებით, სოციალური გასაცემლების შემდგომი ზრდა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“.
როგორც აღვნიშნეთ, IDFI-ის მიმართვები გამყარებული იყო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც რეპრესირებულ პირთა მნიშვნელოვან ბუნებრივ კლებაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ყოველწლიურად იკლებდა ის ფინანსური რესურსი, რასაც სახელმწიფო ხარჯავდა რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდირებაზე. მაგალითად, 2010 წლის იანვრის მდგომარეობით, 7 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობდა 20,775 პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რომელთა რაოდენობა 2023 წლის იანვრის მდგომარეობით 8,048-მდე შემცირდა. 2010 წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიაზე სახელმწიფომ დახარჯა დაახლოებით 1,7 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს - 700 ათასი ლარი.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, როდესაც საყოფაცხოვრებო სუბსიდია 7 ლარიდან გაიზრდება 40 ლარამდე, ბენეფიციართა რიცხვი იქნება, დაახლოებით, 7,500, ხოლო წლის განმავლობაში სახელმწიფო დახარჯავს დაახლოებით 3,5 მილიონ ლარს.
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
შენიშვნა 1: 2024 წლის იანვრის საპროგნოზო მაჩვენებელი მიღებულია სუბსიდიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა არსებული კლების ტემპის გათვალისწინებით.
შენიშვნა 2: მოცემულ სტატისტიკაში არ არის შეყვანილი 2012 წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა, რადგან აღნიშნულის ათვლა 2012 წლის სექტემბრიდან დაიწყო, შესაბამისად მოიცავს 2012 წლის მხოლოდ 4 თვის მონაცემებს.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის ასევე გათვალისწინებულია სოციალური პაკეტი 107 ლარის ოდენობით. ამ პაკეტით რეპრესირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ სარგებლობს, რაც განპირობებულია დათქმით, რომ სახელმწიფო პენსიითა და სოციალური პაკეტით ერთობლივი სარგებლობა დაუშვებელია. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო პენსია აღემატება სოციალურ პაკეტს, ხოლო რეპრესირებულთა უმრავლესობა საპენსიო ასაკს მიღწეული პირია, ისინი ამჯობინებენ სახელმწიფო პენსიით სარგებლობას. შედეგად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სოციალური პაკეტით სარგებლობს მხოლოდ 35 პირი. მიუხედავად იმისა რომ, სოციალური პაკეტით მოსარგებლეთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და შესაბამისი დახმარების ზრდა სახელმწიფოსგან განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ სოციალური პაკეტის ზრდის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
გარდა მიმართვებისა, IDFI და საზოგადოება “საქართველოს მემორიალი” პერმანენტულად საუბრობდნენ აღნიშნულ საკითხზე მასობრივი მედიასაშუალებებით: დამზადდა ვიდეორგოლები, ვიზუალური მასალები, ჩაიწერა ინტერვიუები რეპრესირებულთა შთამომავლებთან, რამაც, საბოლოო ჯამში, ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის გაჩენას შეუწყო ხელი.
ბოლო წლებში, საკითხს პარლამენტში აქტიურად აყენებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე. თეონა აქუბარდიამ არაერთხელ ისაუბრა საჯაროდ აღნიშნულ პრობლემასა და მისი მოგვარების გზებზე საკომიტეტო სხდომებსა თუ სესიებზე. გარდა დეპუტატების აქტიურობისა, პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე ხშირად მიმართავდნენ რეპრესირებულთა შთამომავლებიც.
IDFI მიიჩნევს, რომ ყოველთვიური 40 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია კვლავაც არაპროპორციულია იმ ზიანთან, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს და არ არის საკმარისი მოქალაქეების ყოველდღიური, მინიმალური ფინანსური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ეს მაინც არის მცირე წინგადადგმული ნაბიჯი აღნიშნული დახმარების მიმღები 7,500-მდე მოქალაქის პირობების გასაუმჯობესებლად.
უმნიშვნელოვანესია საკითხის მორალური მხარე: რეპრესირებულთა შთამომავლები უკიდურესად დამცირებულად გრძნობდნენ თავს საყოფაცხოვრებო დახმარების იმ ოდენობით (თვეში 7 ლარი!), რასაც ისინი იღებდნენ.
IDFI კვლავ გააგრძელებს ადვოკატირებას რეპრესირებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რათა საქართველოს მთავრობის გატარებული ღონისძიებები და ამ ადამიანების ღირსეული დაფასება მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირში, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს.