...
19 დეკემბერი 2023
IDFI-სა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასწავლო ვიზიტი პოლონეთში
სიახლეები

2023 წლის 11-16 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები პოლონეთში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტი მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკებისა და მუზეუმების გაცნობას, რომლებიც პოლონეთში კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. ამ მხრივ, პოლონეთი მოწინავე ქვეყანაა და დიდ ყურადღებას აქცევს მუზეუმების შექმნას, რომლებიც გარდა ხსოვნისა საგანმანათლებლო და ინტერაქციულ მიზნებს ემსახურება.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს შემდეგი მუზეუმები: სიბირის მემორიალური მუზეუმი (The Sybir Memorial Museum), კატინის მუზეუმი (The Katyń Museum) მარტიროლოგიისა და ისტორიული მეხსიერების მუზეუმი მიხნიოვში (The mausoleum of martyrology and historical museum in Michniów) და პალმირის მუზეუმი-მემორიალი (Museum-Memorial Palmiry). აგრეთვე, იმყოფებოდნენ დიზაინ სტუდია ნიზიოში (Nizio Design International), რომელიც ერთ-ერთი აქტიური სტუდიაა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროკავშირში და სპეციალიზებულია მუზეუმების, ისტორიული, მუდმივი და დროებითი გამოფენებისა და მემორიალების დიზაინში.

 

IDFI-დან და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან ვიზიტით მყოფი პირები მუზეუმების დირექტორებსა და ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათგან მოისმინეს მუზეუმებისა და ექსპოზიციების დაგეგმვის პრინციპები, გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი მომენტები და თანამედროვე მიდგომები, რომლებიც მუზეუმებს ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. გასათვალისწინებელია მულტიმედიისა და ტრადიციული მიდგომების ბალანსის დაცვა, რათა ექსპოზიცია არ “დაძველდეს” და არ გახდეს უინტერესო. შეხვედრების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები და რჩევები ღირებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, სამომავლოდ, ბათუმში აღმოჩენილ მასობრივი სამარხის ადგილზე მემორიალური პრაქტიკის დანერგვის კუთხითაც.

 

განსაკუთრებით აღსანიშნია სიბირის მემორიალური მუზეუმის დირექტორის, ვოიცეხ სლეჟინსკის და დიზაინ სტუდია ნიზიოს დამფუძნებლის, მიროსლავ ნიზიოს ჩართულობის მზაობა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სიბირის მემორიალური მუზეუმი ევროპის საბჭომ 2024 წლის ევროპის საუკეთესო მუზეუმად დაასახელა. მუზეუმის დირექტორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას და ევროპის გარდა არგენტინის, ჩილეს, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმების მრჩეველთა საბჭოს წევრია. იგი მზადაა ბათუმშიც განახორციელოს ანალოგიური საქმიანობა.

 

IDFI 2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო ბათუმში და აჭარაში რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის მიერ შსს არქივში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს, რომელთა შორისაც 11 ქალი იყო, ასევე მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირები.

 

2022 წლის გაზაფხულზე, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) და ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა სრულად დაამუშავეს რიგით მეექვსე სამარხი. პოლონელი არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების ჯგუფი სამუშაოებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით ახორციელებდნენ.

 

2023 წლის 5-6 ოქტომბერს, ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია "სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში, ქ. ბათუმში“ გამართა.



IDFI გამოყოფს მუზეუმსა და მემორიალურ ძმათა სასაფლაოს საუკეთესო პრაქტიკებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც წარუდგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმოჩენილ სამაროვნებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას. IDFI თვლის, რომ დახვრეტების ადგილას ძმათა სასაფლაოსა და მუზეუმის მოწყობა უმნიშვნელოვანესია მსხვერპლთათვის პატივის მიგების, მათი ოჯახებისა და შთამომავლებისთვის ხსოვნის ადგილის შექმნისა და ახალი საგანმანათლებლო სივრცის გაჩენის კუთხით. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა წარსულის გააზრებისა და დეკომუნიზაციის პროცესში.

 

IDFI საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მზადაა ითანამშრომლოს მხარეებთან, რათა აღნიშნული მიზნები დროულად და წარმატებით განხორციელდეს.




ვიზიტი განხორციელდა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.