...
23 თებერვალი 2024
IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ხაშურის N8 საჯარო სკოლას უმასპინძლა
სიახლეები

 

2024 წლის 23 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა და საჯარო ლექცია „საბჭოთა ოკუპაცია და მისი შედეგები საქართველოს მეხსიერებაში“ და “რადიო თავისუფლების” ფილმის “დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში” ჩვენება გამართა.

 

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ლექციის ფარგლებში, ისაუბრა 70-წლიანი ოკუპაციის პერიოდსა და შედეგებზე. ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა 1930-იან წლებში განხორციელებულ  მასობრივ რეპრესიებზე, აჭარაში აღმოჩენილ სამარხებსა და განხორციელებულ კვლევით საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

 

საჯარო ლექციის შემდეგ, „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა. ფილმში ასახულია ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნი N6 სამარხის გახსნის პროცედურები, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მიერ განხორციელებული სამუშაოები და ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილის ისტორია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში მოიძებნება საშუალება, რათა მისი დნმ მასალა შედარდეს N6 სამარხში აღმოჩენილ 29 ადამიანის დნმ-თან.

 

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია საპრეზენტაციო თემის ირგვლივ, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად, ჩართულები იყვნენ სკოლის პედაგოგებიც და არაერთი საინტერესო კითხვა გაჟღერდა.

 

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.