2024 წლის 20-22 მარტს ქალაქ გორის №3 და ვაჟა-ფშაველას სახელობის №9 საჯარო სკოლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის “აღმოაჩინე გორის” ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის - www.gorimaps.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
პროექტმა "აღმოაჩინე გორი" ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ სხვადასხვა ისტორიულ და მივიწყებულ ლოკაციასა და სახლ-მუზეუმებთან აღიმართა საინფორმაციო დაფები, რომლებიც ქალაქის მივიწყებულ ისტორიებს ჰყვება, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა და საარქივო დოკუმენტია ატვირთული.
IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ იცოდეს უფრო მეტი დეტალი საკუთარი რეგიონის შესახებ, შეაფასოს საკუთარი ისტორია მაქსიმალურად ობიექტურად, ვინაიდან სწორად გააზრებული ისტორიული წარსული საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის საწინდარია.
შეხვედრებს ესწრებოდა 100-მდე მოსწავლე და მასწავლებელი, მათ შორის გორის გამოჩენილი ადამიანების ტრიფონ გამსახურდიას, შალვა ხერხეულიძისა და გურამ პაპიტაშვილის შთამომავლები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მათი წინაპრების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე. IDFI-მ მზაობა გამოხატა შემდგომში მათ მიერ მოწოდებული საოჯახო არქივი “აღმოაჩინე გორის” ვებგვერდზე www.gorimaps.ge-ზე განათავსოს.
ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დისკუსია საპრეზენტაციო თემის ირგვლივ. მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები ვებგვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ღონისძიება განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.