...
10 აპრილი 2024
“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
სიახლეები

2024 წლის 9 აპრილს 12 საათზე „9 აპრილის სახელობის ბაღში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტისა (IDFI) და ისტორიის მკვლევრის, ლევან კაპიტანოვის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „აპრილის გამოძახილი”.

 

35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია თბილისში, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს დღე, საქართველოს ისტორიაში დარჩა როგორც ეროვნული ტრაგედია, ამავე დროს კი, დიდი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ამ მოვლენიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

1989 წელს ტრაგედიის დღიდანვე მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ დაღუპულთათვის პატივის მისაგებად და ხეებზე სპონტანურად აკრავდნენ ლექსებს. IDFI-ს ღონისძიებაც აღნიშნულის სიმბოლური გამოძახილი იყო.

 

ღონისძიების ფარგლებში, ბაღში შადრევნის ირგვლივ გამოიფინა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები და საინფორმაციო ბანერები, განთავსდა დაღუპულთა 21 სახელობითი ტიტა.

 

ღონისძიებას შემოურთდნენ ეროვნული მოძრაობისა და 9 აპრილის აქციის მონაწილეები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ყველა ის მოქალაქე, ვინც დაინტერესდა ღონისძიებით. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. 

 

ღონისძიების დამსწრეებმა სიმბოლური ჩანაწერები გააკეთეს და სანთლები დაანთეს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.



ღონისძიება ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.