...
29 აპრილი 2024
IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა
სიახლეები

2024 წლის 26 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით ბათუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოსა და აჭარის ფონდ “მემორიალის” წარმომადგენლები.

 

გამართული სხდომაზე ანტონ ვაჭარაძემ 2023 წლის 11-16 დეკემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთში ვიზიტის შედეგები წარადგინა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საუკეთესო პრაქტიკებსა და მუზეუმებს გაეცნენ. IDFI-მ გამოყო მუზეუმისა და მემორიალურ ძმათა სასაფლაოს საუკეთესო პრაქტიკები და შეიმუშავა რეკომენდაციები.

 

ანტონ ვაჭარაძემ სხდომაზე განიხილა შემდეგი მუზეუმები: სიბირის მემორიალური მუზეუმი (The Sybir Memorial Museum), კატინის მუზეუმი (The Katyń Museum) მარტიროლოგიისა და ისტორიული მეხსიერების მუზეუმი მიხნიოვში (The mausoleum of martyrology and historical museum in Michniów) და პალმირის მუზეუმი-მემორიალი (Museum-Memorial Palmiry). აგრეთვე, დიზაინ სტუდია ნიზიო (Nizio Design International), რომელიც ერთ-ერთი აქტიური სტუდიაა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროკავშირში და სპეციალიზებულია მუზეუმების, ისტორიული, მუდმივი და დროებითი გამოფენებისა და მემორიალების დიზაინში.

 

IDFI თვლის, რომ დახვრეტების ადგილას ძმათა სასაფლაოსა და მუზეუმის მოწყობა უმნიშვნელოვანესია მსხვერპლთათვის პატივის მიგების, მათი ოჯახებისა და შთამომავლებისთვის ხსოვნის ადგილის შექმნისა და ახალი საგანმანათლებლო სივრცის გაჩენის კუთხით. აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა წარსულის გააზრებისა და დეკომუნიზაციის პროცესში.

 

IDFI საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მზადაა ითანამშრომლოს მხარეებთან, რათა აღნიშნული მიზნები დროულად და წარმატებით განხორციელდეს.

 

 

ვიზიტი განხორციელდა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.