...
12 ივნისი 2024
ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია
სიახლეები

2024 წლის 12 ივნისს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გაიმართა IDFI-ს პარტნიორი ორგანიზაციის, მიეროშევსკის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმის Najgruzińszy/a (“ყველაზე ქართველი”) პრემიერა და დისკუსია. ფილმი განკუთვნილია პოლონური საზოგადოებისთვის, რათა უფრო მეტად გაეცნონ საქართველოს და დაინახონ ქვეყანა და აქ მცხოვრები ადამიანები განსხვავებული პერსპექტივიდან. ფილმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დაამარცხოს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მომდინარე სტერეოტიპული წარმოდგენები და წარმოაჩინოს საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება.

 

პრემიერას დაესწრნენ პოლონეთში მცხოვრები ქართველები, პოლონელი და უცხოელი აუდიტორია. მიეროშევსკის ცენტრი გეგმავს, ფილმი ფართოდ გაავრცელოს ონლაინ და სხვა საშუალებებით.

 

ერთი მხრივ, ფილმის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, მეორე მხრივ კი, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების, განსაკუთრებით კი “რუსული კანონის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სასაუბროდ, პოლონეთში მიწვეული იყო IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს შესახებ ანთროპოლოგიური კვლევების ავტორი - კლაუდია კოშიჩინსკა და ჟურნალისტი, რედაქტორი, ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ასოციაციის "FemGlobal ქალები საერთაშორისო პოლიტიკაში" დამფუძნებელი წევრი - აგნიეშკა ფილიპიაკი.

 

გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა საქართველოში 2024 წლის მარტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტსა და იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც კანონის ამოქმედების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დადგებიან. მისი თქმით, ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და იმ კურსზე, რომელიც ქართველ ხალხს ევროპულ ოჯახში დაბრუნების სახით გააჩნია. მან მიმოიხილა საპროტესტო აქციები და პარალელი გაავლო ფილმთან: მან აღნიშნა, რომ ფილმის მსგავსად, აქციებშიც განსხვავებული ასაკის, ეკონომიკური მდგომარეობის, პროფესიის და შეხედულებების ადამიანები მონაწილეობდნენ.

 

გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა IDFI-ს პირად გამოცდილებაზეც: ორგანიზაციისა და მის მიმართ განხორციელებულ შეტევებზე, ოფისის ვანდალურად მოხატვაზე, ფიზიკურ თავდასხმებზე და ა.შ. მან აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება განსაკუთრებით მწვავე და აუცილებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მობილიზება, არამედ, მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება ამ პროცესში.

 

დისკუსიის მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ, მნიშვნელოვანი მოსაზრებები დააფიქსირეს მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათი თქმით, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და იმედოვნებენ, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით სწორად განვითარდება.

 

გარდა ფილმის პრემიერისა, გიორგი კლდიაშვილმა და IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ 12 და 13 ივნისს გამართეს შეხვედრები მიეროშევსკის ცენტრის ხელმძღვანელობასთან და ერთ-ერთ უძველეს პოლონურ სამოქალაქო ორგანიზაციასთან, ცენტრ “კარტას” (Fundacja Ośrodka KARTA) დამფუძნებელთან, ზბიგნევ გლუზასთან. შეხვედრებზე განიხილეს შესაძლო დახმარება შექმნილ რთულ ვითარებაში. 

 

IDFI ზემოხსენებულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს და განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას მეხსიერების პოლიტიკისა და წარსულის გააზრების კუთხით.

 

 

ვიზიტი განხორციელდა პოლონეთის იულიუშ მიეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის (Centrum Dialogu im. Juliusza Mieroszewskiego) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.