2024 წლის 17-21 ივლისს, სომხეთში, ქალაქ დილიჟანში საზაფხულო სკოლა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. საზაფხულო სკოლის თემატიკა ეხებოდა წინააღმდეგობრივ მეხსიერებასა და მის სწავლებას სკოლებში.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (Civil Society Forum e.V.) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია კონკურსით შეარჩია 8 სკოლის მასწავლებელი, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, საზაფხულო სკოლაში 7-მა მიიღო მონაწილეობა. მასწავლებლები წარმოადგენდნენ როგორც თბილისის საჯარო და კერძო სკოლებს, ასევე რეგიონებს: სამი მათგანი ასწავლის ლანჩხუთის, ზუგდიდის და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში. მონაწილეთა უმეტესობა აბიტურიენტების მომზადების კერძო პრაქტიკით არის დაკავებული.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, დამსწრეებმა განიხილეს ის სენსიტიური საკითხები, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში ისტორიის კლასებში უნდა ისწავლებოდეს. ტრენერმა ბოსნია და ჰერცეგოვინიდან ისაუბრა ბალკანეთის ბოლო ასი წლის ისტორიაზე, სადაც სხვადასხვა პერიოდში ქვეყნების ისტორია და საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა. სპეციალური განხილვის საგანი იყო მემორიალები, ძეგლები და მეხსიერების ადგილები საჯარო სივრცეებში, რომლებზეც პირდაპირ აისახება პოლიტიკური დღის წესრიგი.
ერთ-ერთ ვორკშოპს უძღვებოდა IDFI-ს მეხსიერების და დეზინფორმაციების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, რომელმაც ისაუბრა მეხსიერების პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ.
პროექტში ჩართული მასწავლებლები, მიღებულ ცოდნას შემდგომში სხვა მასწავლებლებს გაუზიარებენ. 7 მონაწილიდან შეირჩა 5 ამბასადორი მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ რეგიონებში, სხვა სკოლის მასწავლებლებთან ჩაატარებენ საჩვენებელ გაკვეთილებს პროექტის, მიდგომებისა და გზამკვლევის - “სენსიტიური ისტორიის სწავლება” - საფუძველზე, რომლის შედგენაშიც მონაწილეობა ანტონ ვაჭარაძემ მიიღო.
პროექტის ფარგლებში, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა თბილისში, რომელსაც IDFI დააორგანიზებს.
იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.