...
03 ოქტომბერი 2024
“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია
სიახლეები

2024 წლის 2 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) რეპრესირებული ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიზიკო აბზიანიძის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, რეპრესირებულთა შთამომავლები და უახლესი ისტორიით დაინტერესებული პირები.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ლიზიკო აბზიანიძის შვილთაშვილმა, ნინო ისაკაძემ. ანტონ ვაჭარაძემ გაიხსენა წიგნის წინასიტყვაობაზე მუშაობის პერიოდი და ის რთული გზა, რომელიც ლიზიკო აბზიანიძემ გაიარა რეპრესიის პერიოდიდან სამშობლოში დაბრუნებამდე. ნინო ისაკაძემ ისაუბრა ლიზიკოსთან ურთიერთობის დეტალებზე, წიგნის შექმნის იდეასა და  მუშაობის პროცესზე. აღნიშნა, რომ მისი ბებიის ისტორია მხოლოდ მისი ოჯახის ისტორია არაა და საზოგადოებას ეკუთვნის. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაიხსენეს ლიზიკოს განვლილი გზა და ხაზი გაუსვეს მისი ისტორიის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მნიშვნელობას.

    

    

პრეზენტაციის დასასრულს, ლიზიკო აბზიანიძის მოგონებებიდან ამონარიდები წაიკითხა პოეტმა კატო ჯავახიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას კი საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვები გაეჟღერებინათ და ესაუბრათ წიგნის შინაარსსა და შექმნის პროცესზე.

 

ლიზიკო სარდიონის ასული აბზიანიძის მოგონებები "დიდი ტერორის" შესახებ მნიშვნელოვანი მემუარული ტიპის ნაშრომია. ავტორი აღწერს თავისი ცხოვრების ტრავმულ პერიოდს - 1937-1938 წლების რეპრესიებს, რომელიც მას და მის მეუღლეს, თბილისში გაზეთ “წითელი არმიელის” რედაქტორს, ანდრო მიხეილის ძე კოპაძეს შეეხოთ. ლიზიკო აბზიანიძე თხრობის განსაკუთრებული სტილითა და მხატვრული ხერხებით ოსტატურად გადმოსცემს საბჭოთა რეპრესიის სისასტიკესა და იმ ლაიტმოტივს, რომელიც რეპრესიების თითოეული მსხვერპლის ცხოვრების თანმდევი იყო.

 

IDFI-მ, “ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები” შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რეპრესირებული ელისაბედ (ლიზიკო) აბზიანიძის შვილთაშვილთან, ნინო ისაკაძესთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოსცა.

 

 

 ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.