1937 წელს ოლღა (ოლია) ოკუჯავა ქალაქ ორიოლში გადაასახლეს. ხოლო 1941 წელს, ლავრენტი ბერიას მოხსენებითი ბარათით და სტალინის რეზოლუციით, მას და 156 პოლიტპატიმარს დაუსწრებლად განესაზღვრათ სიკვდილით დასჯა. 1941 წლის 11 სექტემბერს კი, მაშინ, როცა ქალაქი ორიოლი უკვე იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ, პოლიტპატიმრები გაიყვანეს და იქვე, ტყეში დახვრიტეს. სწორედ ოლღა ოკუჯავას მეუღლე იყო ეს დიდი ქართველი პოეტი. 1937 წელს მან მეუღლეს ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ მიუძღვნა. „ჩემი სიცოცხლის გამმწარებელი სულ მალე გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი, ბედისას ვარსკვლავს სადარებელი.
ამ რეპრესირებულს, პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, 1918–1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სამხედრო და განათლების მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის სქელტანიანი ნაშრომი - „ფიქრები საქართველოზე“, რომელსაც იგი 1921 წლიდან, არა ერთი გადასახლების დროს წერდა. ცნობილია მისი 1929 წლის წერილი სტალინის 50 წლის იუბილეზე: „დღეს თქვენ ტრიუმფატორი ხართ. რომის ტრიუმფებში მონაწილეობდა საგანგებო მონა, რომელიც დიდ გამარჯვებულს შეახსენებდა მის ცალკეულ შეცდომებსა და ბედის ცვალებადობას.“ 1937 წელს იგი საქართველოში სპეციალურად ჩამოიყვანეს და გადმოცემით, მას ერთ-ერთი დაკითხვის დროს გული გაუსკდა. აკა მორჩილაძე მასზე წერს: „კაცი იყო – იშვიათი, ღირსებით სავსე, სწორი და ძლიერი ფიქრებით საქართველოზე. სწორედ ასეთების საფლავებია ხოლმე საძებარი.“
ბორის ეფიმოვის ამ კარიკატურას ეწოდება - „მისი ფოლადის ხელთათმანები“. 1936 წლის 26 სექტემბერს იგი დანიშნეს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად (НКВД) და 1938 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას. სწორედ მის სახელს უკავშირდება რეპრესიების ყველაზე დიდი ტალღა საბჭოთა კავშირში. შავი სამუშაოს შესრულების შემდეგ, 1938 წლის 24 ნოემბერს იგი ჩაანაცვლეს სტალინის ერთგული ბერიათი, ხოლო 1940 წლის 6 თებერვალს, 44 წლის ასაკში, ყოფილმა დაქვემდებარებულმა, ყველაზე ცნობილმა საბჭოთა დამხვრეტმა, შინსახკომის კომენდანტმა ბლოხინმა გამოასალმა სიცოცხლეს. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.
ყაზახეთში, აკმოლაში რაიონში არსებობდა „აკმოლას სამშობლოს მოღალატეთა ცოლების სპეციალური ბანაკი“, სადაც დახვრეტილი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს ასახლებდნენ. აქ 17 წლის მანძილზე (1938-1953) დაახლოებით 18,000-მა ქალმა მოიხადა სასჯელი, მათ შორის იყო დაახლოებით 300 ქართველი, ერთ-ერთი კი ნოდარ დუმბაძის დედა, ანნა დუმბაძე-ბახტაძისა, რომელიც პატარა ნოდარმა ბანაკიდან დაბრუნებული ვერ იცნო... აქვე მოიხადა სასჯელი კირა ანდრონიკაშვილმა, ნატო ვაჩნაძის დამ. ბანაკში გაუსაძლისი პირობები იყო: ზამთარში ტემპერატურა -40 გრადუსამდეც აღწევდა, ქალებს ასრულებინებდნენ ურთულეს სამუშაოს და ეპყრობოდნენ დამამცირებლად. ბანაკის სახელწოდების აბრევიატურა ემთხვეოდა ამ აფრიკული სახელმწიფოს სახელს.
„წითელი ნაპოლეონი“, „ბუხარინ-ტროცკის ბანდის ნაძირალა“ „სისხლიანი მარშალი“, „გლეხების ჯალათი“, „კარიერისტი და მოღალატე“, - ყველა ეს ეპითეტი და დახასიათება ერთ პიროვნებას ეკუთვნოდა. ლავრენტი ბერია სტალინისთვის 1937 წლის 20 ივლისს გაგზავნილ წერილში „საქართველოში „კონტრრევოლუციური დაჯგუფებების შესახებ” წერდა გერმანე მგალობლიშვილის - ინგლისის ჯაშუშის კავშირზე საბჭოთა კავშირის ამ მარშალთან. იქვე ამატებდა, რომ მოღალატე შალვა ელიავა სწორედ მისი მოთხოვნით აწვდიდა გერმანიის გენერალურ შტაბს დივერსიული ხასიათის ინფორმაციას წითელი არმიის ქართული შენაერთების მდგომარეობაზე. 1931 წელს იგი სსრკს თავდაცვის სახალხო კომისრის ვოროშილოვის მოადგილე გახდა. თუმცა მისი ავტორიტეტი აღემატებოდა ვოროშილოვისას. „ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მთავარ, ხელმძღვანელ როლს თავდაცვის სახალხო კომისარიატში იგი ასრულებდა“ - იხსენებდა მარშალი ჟუკოვი. ფოტოზე ის სტალინის მარჯვნივ ზის, თეთრ სამოსში. 1937 წლის 12 ივნისის ღამით მარშალს და სხვა სამხედროებს დახვრეტა მიუსაჯეს.
თქვენს წინაშეა საბჭოთა სააგიტაციო პოსტერი, რომელიც სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის, 1927 წლის 25 თებერვალს ძალაში შესულ ამ მუხლს მიეძღვნა. მუხლი ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას კონტრრევოლუციური ქმედებისთვის: სახელმწიფოს ღალატი, შეიარაღებული აჯანყება, ურთიერთობა უცხო სახელმწიფოსთან კ/რ მიზნით, საერთაშორისო ბურჟუაზიისთვის დახმარების აღმოჩენა, ჯაშუშობა, მავნებლობა, ტერორიზმი, დივერსია, ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება და ა.შ. 1937-1938 წლების რეპრესიებისას, ძირითადად ამ მუხლით ხდებოდა ბრალის წაყენება. ტიციან ტაბიძეს ამ მუხლის მე-6 (ჯაშუშობა), მე-7 (მავნებლობა) და მე-11 (ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება) წარუდგინეს ბრალი, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოღვაწეს, პოლიტიკოს ნიკოლოზ ქარცივაძეს ერთბაშად 8 მუხლით. მაშ დაასახელეთ ამ მუხლის ნომერი.