30 სექტემბერი 2024
ავტორი: გიგა ჩალიგავა, ისტორიის დოქტორანტი, მკვლევარი
საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სასჯელის ფორმებზე, რომლითაც სისტემა 1924 წელს დაკავებულ აჯანყებულებს უსწორდებოდა და პროპაგანდის იმ საშუალებებზე, რომლებსაც საბჭოთა მთავრობა მოსახლეობაში საერთო-სახალხო აჯანყების საწინააღმდეგოდ ინტენსიურად მიმართავდა.
დოკუმენტი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დირექტივით მომზადდა და მისი საერთო სათაურია: “განცხადება აჭარის ასსრ საგანგებო კომისიისა. მოწოდება აჭარის ასსრ ცაკის მოსახლეობისადმი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მენშევიკების ე.წ. პარიტეტული კომიტეტის კონტრრევოლუციური გამოსვლების დამარცხების შესახებ და მათი ხელმძღვანელთა უმაღლესი სასჯელით დასჯის შესახებ.”[1]
მოცემული საარქივო მასალის ქრონოლოგიური ჩარჩო 1924 წლის 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, აერთიანებს აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის[2] საგანგებო კომისიის მიმართვას მოსახლეობისადმი და ოფიციალურ განცხადებას, რომლითაც 23 აჯანყებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
დოკუმენტის უშუალო ანალიზამდე მიმოვიხილავთ იმ ძირითად ტენდენციებს, რომლითაც ხასიათდებოდა 1924 წლის აჯანყება აჭარაში: რეგიონის პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობა აქტიურად უერთდებოდა აჯანყების სამზადისს. კოორდინირებული მოქმედებებისთვის დამოუკიდებლობის კომიტეტმა ბათუმში თავისი წარმომადგენლობა – “ბათუმის პარიტეტული კომიტეტი” და სამხედრო ორგანიზაციები შექმნა, რომელთაც ცენტრთან კომუნიკაცია და რეგიონის გათავისუფლება ევალებოდა.
დამოუკიდებლობის კომიტეტის ეფექტურ მუშაობას უშიშროების სამსახური – “საგანგებო კომისია”, იგივე “ჩეკა”, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ხერხით უშლიდა ხელს. ჩეკისტებს აჯანყებულთა ბანაკში ბევრი ინფორმატორი და ჯაშუში ჰყავდათ, რაც საბჭოთა მთავრობას წინასწარი პრევენციული ზომების მიღების საშუალებას აძლევდა. ამ პრობლემათა გამო, აჯანყება, 17 აგვისტოს ნაცვლად, 29 აგვისტომდე გადაიდო.
“ჩეკას” აგენტურა აჭარაშიც აქტიურად მუშაობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 20 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარტილერიო საწყობის ქართველი მცველები აჯანყებულთათვის იარაღის საიდუმლოდ გადაცემას აპირებდნენ. აგენტურამ ისინი გასცა, რის შემდეგაც საბჭოთა მთავრობამ მცველები გამოცვალა.[3] აჭარაში “ჩეკამ” წინასწარ იცოდა შესაძლო აჯანყების მზადების შესახებ და მიმდინარე პროცესის საწინააღმდეგოდ მასობრივი დაპატიმრებები აჯანყებამდე დაიწყო. 23 აგვისტოს დაიჭირეს ბათუმის პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე და აჭარის სამხედრო ორგანიზაციის ლიდერი - მიხა საბაშვილი. “ჩეკამ” ასევე მიიღო ინფორმაცია ქობულეთში შეიარაღებული ძალების მზადების შესახებ. 27 აგვისტოს დააკავეს “სამხედრო კომისიის” ბათუმის ნაწილის მეთაური გენერალი გიორგი ფურცელაძე. “ჩეკას” ამ ოპერაციების შემდეგ აჯანყებულთა ორგანიზაციებს დიდი ზიანი მიადგა.
ბათუმი. ინგა გაბაშვილის პირადი კოლექციიდან.
პარალელურად, საბჭოთა მთავრობამ აჭარაში მასობრივი მობილიზაცია დაიწყო. ბათუმში სხვა საჯარისო ნაწილებთან ერთად შეიარაღდა 100 კომუნისტი, 260 კომკავშირელი და 150 უპარტიო.[4] კომუნარების საერთო ხელმძღვანელად ვ. ჩაჩბა დაინიშნა. საბჭოთა ძალების საერთო რაოდენობამ 1,000-ს მიაღწია. იდეოლოგიური პროპაგანდის შედეგად, შეიარაღდა 500-მდე მუშაც, ადგილობრივი გლეხებიც ამჟღავნებდნენ ინტერესს ანტისაბჭოთა აჯანყების ჩასახშობად. ცნობილია, რომ აჭარის ხუთივე მაზრაში მობილიზება გაუწიეს 2,334 გლეხს,[5] საიდანაც “ჩეკამ” ასევე ჩამოაყალიბა რაზმი, რომელშიც 1,200 კაცამდე შედიოდა. მათ თურქეთის საზღვრის დაცვა დაევალათ. საბჭოთა კავშირმა გააძლიერა დაცვა აჭარა-გურიის საზღვარზეც.
28 აგვისტოს აჭარის “ჩეკამ” მიიღო ცნობა, რომ აჯანყებული სოციალ-ფედერალისტები დაწვრილებითი გეგმით ქობულეთში ჩადიოდნენ, რათა შეეგროვებინათ ძალები და აეღოთ ბათუმი. “ჩეკას” თავმჯდომარის მოადგილის, კილაძის ხელმძღვანელობით ქობულეთში გაიგზავნა 120 წითელარმიელი და კომუნარი, რომლებმაც მწვანე კონცხთან დააპატიმრეს სოციალ-ფედერალისტების სამხედრო შტაბი და მათი უფროსი გიგა ჩიქოვანი.
29 აგვისტოს წითელი არმიის დანაყოფებსა და აჯანყებულებს შორის შედგა დაპირისპირება ნატანებისა და სუფსის რკინიგზის სადგურებთან. დააკავეს აჯანყებულთა მეთაურები. ბათუმში გამოვიდა ბრძანებულება, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა სპეციალური ხუთეული და მათ გაზრდილი უფლებები მიეცათ. ამავე დღეს, ბათუმში და აჭარის ყველა მაზრაში კომუნიზმის მხარდასაჭერი ხალხმრავალი მიტინგები იმართებოდა. სიტყვით გამოვიდა ფილიპე მახარაძეც.
31 აგვისტოს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე 20-მდე კაცმა მიტინგის ჩატარება სცადა, თუმცა უშედეგოდ. ისინი მალევე დააპატიმრეს. გადმოგვცემენ, რომ ნოდარ მენაბდემ დაკავებისას დაიყვირა: “ძირს სისხლიანი ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.”
1 სექტემბერს ხულოში აჯანყების დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან აჭარის საგანგებო კომისიამ დააპატიმრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირი. 4 სექტემბერს აჭარის სოფელ ღორჯომში ხალხი გამოვიდა და საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია მოითხოვა. მამედ გაბაიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ასამდე შეიარაღებული ხულოსკენ დაიძრა, რა დროსაც მათ კომუნისტ ო. მოწყობილის რაზმები გადაეღობნენ. მოწყობილმა დროებით უკან დაიხია, რადგან იცოდა, რომ დამატებითი საბჭოთა ძალები მოდიოდნენ მისკენ, რის შემდეგაც, შეტევაზე გადავიდა. მთლიანად გადაწვეს სოფელი ღორჯომი. ბასოვის ბრძანებით, მემედ გაბაიძე და ჰასან მეკეიძე ხალხის თვალწინ გაროზგეს და შემდეგ დახვრიტეს.
ამის მიუხედავად, შუქრი კეკელიძის რაზმი მაინც ცდილობდა ხულოს აღებას, რომელმაც საფრონოვის რაზმები გაანადგურა. მოწყობილსა და ბასოვს კაპიტან პანოვის არმიებიც შეუერთდა. კეკელიძემ გააცნობიერა, რომ წინააღმდეგობას თანდათანობით აზრი ეკარგებოდა, მაგრამ ულტიმატუმების მიუხედავად, მაინც განაგრძობდა ბრძოლას და არ ნებდებოდა. სანისლაის ტყესთან მას საბჭოთა ჯარი წამოეწია. კეკელიძემ რევოლვერით მოიკლა თავი. წითელარმიელებმა მისი გვამი ხიშტების გამოყენებით დაასახიჩრეს და ხევში გადააგდეს.[6] მომდევნო დღეებში ხუთეულმა აჭარა-გურიის საზღვარს მიაქცია ყურადღება და ქობულეთში 50 კომუნარი და 100 წითელარმიელი გაგზავნა ტყვიამფრქვევითურთ. აჯანყებულები დამარცხდნენ და ბახმაროს მთას მიაშურეს.
5 სექტემბერს ბათუმიდან ხულოს მიმართულებით 110 კომუნარი გაიგზავნა 2 ტყვიამფრქვევით, რადგან საგანგებო “ხუთეულს” აცნობეს, რომ თურქეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო რაზმების შემოჭრა. ცნობილია, რომ აჯანყებულები თურქეთიდან იარაღის შემოტანას ცდილობდნენ. ამ პროცესს აორგანიზებდნენ ბეგები - ჰუსეინ ბეგ ბიბინ-ოღლი (ბიბინეიშვილი) და მაჰმუდ მაჰმუდ მათარაჯ ოღლი. ცნობილია, რომ ამ უკანასკნელის იარაღით სავსე მოტორიანი ნავი ჩეკამ ჩაიგდო ხელში. საბოლოოდ, რეგიონში აჯანყების ჩახშობისა და რეპრესიების შემდეგ აჭარის საგანგებო ხუთეული 12 დეკემბერს დაიშალა.[7]
ქართველ წითელარმიელთა ნაწილები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 1924 წლის აჯანყების ჩახშობაში. (მათ შორისაა კონსტანტინე ლესელიძე, პირველი რიგი, მარჯვნიდან მე-7)
განსახილველი საარქივო დოკუმენტი იწყება აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის მოსახლეობისადმი მიმართვით, უშუალოდ მათ მიმართავს საგანგებო ხუთეულის მდივანი ვ. გარაყანიძე. საბჭოთა მხარე საერთო-სახალხო აჯანყების პირობებში მოსახლეობაში პროპაგანდის გატარებას აუცილებლობად მიიჩნევდა და მოსახლეობას მიმართავდა ისე, რომ მაქსიმალურად დაემცრო და დაეპატარავებინა აჯანყების მასშტაბები და პროცესში მონაწილე პატრიოტები გამოეყვანა მარგინალურ ბრბოდ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტს, რომელსაც მეთაურობს “თავადი” ანდრონიკოვი, აქვთ “სასოწარკვეთილი და უმეცარი მცდელობები შეიარაღებული ხელით ჩამოაგდონ მუშურ-გლეხური ძალაუფლება.“ იგულისხმება კონსტანტინე (კოტე) მანუელის ძე ანდრონიკაშვილი, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი და დამკომის ლიდერი 1923 წლიდან. საინტერესოა მის მიმართ ნახსენები “თავადი”, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ “საერთო თანასწორობის” იდეებით შენიღბული საბჭოთა მთავრობა აჯანყების მონაწილეებს “თავადებად” მოხსენიებითაც უტეხდა სახელს.
აჯანყებულებს მოიხსენიებენ, როგორც “ბანდას”, რომლებიც “ბანდიტურ” ქმედებებს ჩადიოდნენ. “ჭიათურაში სრული წარუმატებლობის შემდეგ ბანდიტური აჯანყება გავრცელდა საქართველოს სხვა რაიონებში, სადაც აჯანყება სუსტად მიმდინარეობდა ადგილობრივ ბანდიტ-მენშევიკების მიერ, თუმცა მოკლე დროში, იქნა ჩახშობილი თავად ადგილობრივი მუშებისა და გლეხების ძალების მიერ.” საბჭოთა მხარე აჯერებდა მოსახლეობას, თითქოს აჯანყება მხოლოდ ადგილობრივმა კომუნისტმა მუშებმა და გლეხებმა მოიგერიეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მთელი საქართველოს მასშტაბით იბრძოდნენ აჯანყებულთა რაოდენობაზე ბევრად მეტი საბჭოთა კავშირის ჯარის ნაწილები, კომუნარები, წითელარმიელები, რომლებსაც უფრო ეფექტური მოქმედებებისთვის ჯავშანმატარებლები და ავიაციაც ჰყავდათ. “ამჟამად ბანდიტი მენშევიკები, რომლებმაც ვერ გაუძლეს მუშურ-გლეხურ ძალების შეტევას, ყველა აჯანყებულ რაიონში უკან იხევენ და ტოვებენ ტყვეების მასას. საქართველოს რაიონებში: ოზურგეთი, ლანჩხუთი, სუფსა, სამტრედია, ფოთი, ნოვო-სენაკი, ზუგდიდი - უშედეგოდ მიაშურებენ მთებში, დევნილნი მუშებისა და გლეხების მიერ.“ დოკუმენტში არსად იხსენიება საბჭოთა ჯარი, რაც აშკარად აჯანყებულთა დისკრედიტაციას ემსახურება.
31 აგვისტოს მონაცემებით აჭარის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აცხადებს, რომ რეგიონში სრული სიმშვიდეა, თუმცა 1 სექტემბერს მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლები ჩოლოქთან, ქაქუთთან და ღორჯომთან. ასეთ პირობებში “აჭარის საგანგებო ხუთეულმა” უკეთესი კომუნიკაციისთვის ცალკე ჩამოაყალიბა “აჭარის საგანგებო სამეული”. დოკუმენტის ბოლოს მითითებულია, რომ აჭარის მუშები და გლეხები ამაღლებული ჭეშმარიტი გრძნობით არიან აღსავსე, რომ გაუსწორდეს შემზარავ ანტისაბჭოთა ძალებს და შეინარჩუნოს საბჭოთა მშენებლობის “ცხოვრების სტანდარტი – დაფასებული ცხოვრება” და “ბანდიტი მენშევიკები” დასაჯონ “რკინის ხელით”... თუ ეცდებიან თავისი პროვოკაციული საქმიანობის აჭარაში გავრცელებას.”
საარქივო საქმეში არსებული მეორე დოკუმენტი თარიღდება 1924 წლის 2 სექტემბრით და შეეხება გამოტანილ ვერდიქტს – “აჭარის სოციალისტური საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო კომისიისა კონტრ-რევოლუციის, შპიონაჟის, ბანდიტიზმის და დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.” აქაც პროპაგანდის იდენტურ მეთოდებს ვხვდებით – პროვოკაციის შედეგად აჯანყებულთა თავდასხმას მშვიდ მუშურ-გლეხურ ცხოვრებაზე. საინტერესოა, რომ დოკუმენტის თანახმად, აჯანყებულთა მიზანი იყო ჩაეშალათ შეთანხმების რატიფიკაცია საბჭოთა კავშირსა და ინგლისს შორის.
1924 წლის 1 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა აღიარა საბჭოთა კავშირი და დაიწყო მასთან სავაჭრო ხელშეკრულების მომზადება. 1924 წლის 16 მარტს ინგლისსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელშეკრულებაც დაიდო. პრემიერი რემზი მაკდონალდი საბჭოთა კავშირს ფულადი კრედიტების გამოყოფას ჰპირდებოდა. უინსტონ ჩერჩილმა ლეიბორისტული მთავრობა ტირანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ინგლისი უღირსად მოიქცეოდა თუ სესხს მისცემდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც ამ თანხით იარაღს შეიძენდა ქართველების დასახოცად.[8] ბრიტანეთის მომდევნო კონსერვატორმა პრემიერმა – სტენლი ბოლდუინმა (1924-1929) უარი თქვა საბჭოთა კავშირისთვის სესხის მიცემაზე.
აჯანყებულთა მთავარ მიზნად სსრკ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩაშლის დასახელება ცხადყოფს იმას, რომ საბჭოთა კავშირს აშკარად გადაჰქონდა ისრები სხვა მიმართულებით და აჯანყებას აძლევდა არა ეროვნულ-განმათავისუფლებელ, არამედ სხვა, ირელევანტურ განზომილებას და პროპაგანდის მასობრივი საშუალებების გამოყენებით ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს მოსახლეობაშიც.
დოკუმენტის ბოლოს, “გამყიდველებისა და ავანტიურისტების ასეთი გამოსვლების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად” საბჭოთა მთავრობას სასჯელის უმაღლესი ფორმით – დახვრეტის განაჩენი გამოაქვს “შეუმდგარი ავანტიურის” 23 მონაწილისათვის, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც უცვლელად გთავაზობთ:
1. ფურცელაძე გიორგი მიხეილის ძე. 56 წლის, ქართველი. დიდგვაროვანი. ყოფ. გენერალ-მაიორი. ბათუმის ციხის შტაბის უფროსი. სამხედრო ატაშე ბათუმში. უძღვება სამხედრო ორგანიზაცია სოციალ-ფედერალისტებს, რომლისგანაც იღებდა ინსტრუქციებს შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმისთვის;
2. საბაშვილი მიხეილ სამსონის ძე. 35 წლის. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იყო პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე. მეთაურობდა სამხედრო ორგანიზაციას აჭარაში, აგენტი (შპიონაჟი), ცხოვრობდა არალეგალურად;
3. ვლადიმირ ახვლედიანი ივანეს ძე. 33 წლის. ყოფილი დიდგვაროვანი. უფროსი ლეიტენანტი მენშევიკური არმიისა და ადიუტანტი შტაბისა ბათუმის ციხესიმაგრეში. სოც.ფედერალისტი 1912 წლიდან, ატარებდა აქტიურ სამუშაოებს შეიარაღებული გამოსვლისთვის ქობულეთში;
4. ჩიქოვანი გიგა პლატონის ძე 30 წლის. დიდგვაროვანი. მასწავლებელი. სოც. ფედერალისტების ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. პარტიაში 1906 წლიდან. პარიტეტული კომიტეტის წევრი, აქტიური მონაწილე შეიარაღებული გამოსვლისა აჭარაში;
5. იმნაძე ანტონი ავსეკის ძე. 60 წლის. ტყის საწყობის მფლობელი. ბანდიტებისა და მენშევიკების შემფარებელი. კავშირი ჰქონდა პარიტეტულ კომიტეტთან;
6. ჩიტაიშვილი ვასილი. ალექსანდრეს ძე. 27 წლის. მასწავლებელი. მიწის ამზომველი. უფლებამოსილი მენშევიკი და ბათუმის კომიტეტის წევრი. ხელმძღვანელობდა საომარ ორგანიზაციას, ცხოვრობდა არალეგალურად;
7. რამიშვილი აკაკი ონისეს ძე 34 წლის. ვაჭარი. ყოფ. მენშევიკური გვარდიის მეთაური. იყო წევრი მენშევიკთა საომარი ორგანიზაციის სამეულის, რომელიც ამზადებდა აჭარაში შეიარაღებულ გამოსვლას;
8. გეგიაძე დიომიდე ალექსანდრეს ძე. 45 წლის. ვაჭარი. ყოფილი ბანდიტი მენშევიკი, იღებდა აქტიურ მონაწილეობას სამხედრო გამოსვლებში, აჭარაში;
9. დადიანი დავით ნიკოლოზის ძე. 36 წლის. ყოფილი კონვოის საზღვაო მილიციის მეთაური. მენშევიკების ომის ორგანიზაციის წევრი;
10. ფანცულაია აპოლონი ნიკოლოზის ძე. 38 წლის. უმაღლესი განათლებით. ჩაატარა აქტიური სამუშაო საბჭოთა კავშირის პროვოცირებისთვის;
11. გორდელაძე აგაფია მაქსიმის ასული. 26 წლის. ჰქონდა კავშირი ბათუმის ორგანიზაციასთან და მენშევიკების ცეკასთან, ასევე კავდებოდა მენშევიკების შეფარებაში, რომლებიც არალეგალები იყვნენ და ჰქონდა კავშირი საომარ ორგანიზაციასთან;
12. ჩიქოვანი ანთონომაზი პლატონის ძე. 23 წლის. დიდგვაროვანი. ბათუმის კომიტეტის წევრი. სოც. ფედერალისტების პარტიიდან. მიიღო მონაწილეობა ომის ორგანიზაციაში;
13. ზოიძე ალექსანდრე ქეშვარდის ძე. 19 წლის;
14. მალაზონია კალენინი ვასილის ძე. 28 წლის;
15. ხომერიკი ალფეზი ერმოლეს ძე. 30 წლის;
16. ზოიძე ისიდორი ივანეს ძე. 20 წლის;
17. მკურნავიძე კირასი თევდორეს ძე. 19 წლის;
18. ზაპერტოვი ვლადიმირი ვასილის ძე. 25 წლის;
19. მუჯირი ნიკოლოზი (ნიკოლაი) ლევარსიეს ძე. 36 წლის;
20. კ(ქ)ადიეშვილი ლავრენტი იოსების ძე. 25 წლის;
21. თაყაიშვილი მიხეილ ერმოლეს ძე. 35 წლის;
22. ხომერიკი ვიქტორ ვლადიმერის ძე. 20 წლის;
23. ქინქლაძე სოფრონი ლავრენტის ძე 30 წლის.
სიაში ჩამოთვლილი პიროვნებები 1924 წლის 31 აგვისტოს ბათუმში, ღამის 3 საათზე დახვრიტეს[9]. 6 სექტემბერს საბჭოთა მთავრობამ აჭარაში კიდევ 10 აჯანყებულს გამოუტანა სასიკვდილი განაჩენი. “ყველა ზემოთჩამოთვლილი (13 დან 23-მდე მათ შორის) დასჯილია შეიარაღებული გამოსვლის გამო ტელეგრაფსა და რკინიგზაზე თავდასხმისთვის, და ასევე აჭარის საბჭოთა ძალაუფლების წარმომადგენლების მკვლელობის გამო. აჭარჩეკის კოლეგია მკაცრად დგას სსსრ აჭარის მუშებისა და გლეხების სადარაჯოზე და გამოაქვს მკაცრი განაჩენი მათთვის, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს, დაარღვიოს აჭარის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მშენებლობა.” – წერდა აჭარის ცენტრალური კომიტეტის კოლეგია დოკუმენტის ბოლოს.
საარქივო დოკუმენტი კარგად აჩვენებს საბჭოთა კავშირის პოზიციას ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი საერთო-სახალხო აჯანყების მიმართ. საბჭოთა მხარე აცხადებდა, მთელი აჯანყება სხვა არაფერი იყო, თუ არა პროვოკაცია და ბანდიტური ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს.
ბანდიტური ქმედების გარდა, აქტიურად ხორციელდებოდა ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის ხაზგასმაც - აჯანყებულთა მთავარ მიზნად სსრკ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულების რატიფიკაციის ჩაშლის შესახებ პროპაგანდის გავრცელება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
მასალაში ჩანს, რომ საბჭოთა სისტემა არ ინდობდა და სასტიკად უსწორდებოდა ყველა აჯანყებულს, მიუხედავად ასაკისა და სქესისა. დახვრეტილთა სიაში სამი განსაკუთრებით ახალგაზრდა პირია – ალექსანდრე ზოიძე და კირასი მკურნალიძე, რომლებიც 19 წლის ასაკში დასაჯეს სიკვდილით და ვიქტორ ზოიძე – 20 წლის ასაკში. მათთან ერთად კი 26 წლის ქალი – აგაფია გორდელაძე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აგვისტოს აჯანყება აჭარაში თითქოს მხოლოდ ადგილობრივმა მუშებმა და გლეხებმა ჩაახშეს, ანუ სიტუაცია არცთუ სერიოზული იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მის ჩასახშობად გლეხების რაზმებთან ერთად მობილიზებული იყო მთელი სახელმწიფო აპარატი და წითელი არმიის ნაწილები, მათი რაოდენობა აჯანყებულებზე გაცილებით მეტი იყო და თანაც უკეთესი საომარი საშუალებები ჰქონდათ,გაცილებით მეტი რესურსით. ასევე, აჯანყების ლიდერების დისკრედიტაციისთვის საბჭოთა მთავრობა იყენებდა ტერმინებს – “თავადი” და “დიდგვაროვანი”. უნდა ვიფიქროთ, რომ საერთო თანასწორობის იდეით შენიღბული საბჭოთა სისტემა ცდილობდა, აჯანყებულები წარმოეჩინა პროლეტარიატის მოწინააღმდეგედ, ისეთ საზოგადოებად, რომელიც წარსულში ჩაგრავდა მათ და ამით აჯანყებისთვის გამოეცალა ეროვნული საფუძველი და მიეთითებინა ისევ კლასობრივ ბრძოლაზე.
ამ ტიპის დეზინფორმაციას 1924 წლის აჯანყების შესახებ საბჭოთა მთავრობა 70 წლის განმავლობაში აქტიურად აჟღერებდა და პროპაგანდის საშუალებებით ნერგავდა მთელ მოსახლეობაში, რომლის ნაყოფს ახლაც ვიმკით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღემდე სჯერა საბჭოთა პროპაგანდის მიერ მიწოდებული ნარატივების, რომელიც თანამედროვეობაშიც აქტიურად ვრცელდება. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 1924 წლის აჯანყების უკეთ შესწავლისა და საბჭოთა პერიოდის ხელახალი კვლევის შედეგად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
[2] აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, იგივე აჭარის ასსრ დაარსდა 1921 წლის 16 ივნისს.
[3] ჩალიგავა გიგა, ანტონ ვაჭარაძე, რაჟდენ ჩიხორია. 1924 წლის აჯანყება-კალენდარი. იხ. ბმული
[4] ჯიქია, ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში (სადოქტორო ნაშრომი). თბილისი, 2012. გვ. 195.
[5] იქვე, გვ. 196.
[6] ჯიქია, ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. გვ. 198.
[7] ჯიქია, ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. გვ. 215.
[8] ჯანელიძე, ოთარ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების საერთაშორისო გამოძახილი. კონფერენციის მასალები. თბილისი. გვ. 179.