2024 წლის 14 აგვისტოს, IDFI-ს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოქალაქეებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, გაბრიელ (გაბო) ცისკარიშვილის (1892-1924) მემორიალური დაფა განათავსეს.
გაბრიელ ცისკარიშვილი დაიბადა 1892 წელს თელავის მაზრის სოფელ ზემო ალვანში, წოვათუშების თემში, მასწავლებლის ოჯახში. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1914 წლიდან, თელავის სამაზრო ერობის გამგეობის მდივანი და ქალაქის საბჭოს ხმოსანი (1918-1919), საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1921), თვითმმართველობისა და საბიბლიოთეკო კომისიების მდივანი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისას, რიგით ჯარისკაცად იბრძოდა ფრონტზე რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, სადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დააპატიმრეს 1923 წლის 30 მაისს, თბილისში, კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით. მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში სამი წლით გადასახლება, თუმცა პატიმრობაში დატოვეს მეტეხის ციხეში. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების შემდეგ, გაბო ცისკარიშვილი დახვრიტეს თბილისში, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამეს.
აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ადგილობრივებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ წარსულზე. სკვერი, რომელშიც დაფა განთავსდა მდებარეობს სკოლის მიმდებარედ, შესაბამისად, მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიას მათი გმირი წინაპრის შესახებ. მემორიალური დაფის განთავსება სიმბოლურ აქტს წარმოადგენს იმის გამოც, რომ აღნიშნულ სკვერში დგას 1960-იან წლებში აღმართული სტალინის ძეგლიც, რომლის დემონტაჟიც 2000-იან წლებში განხორციელდა და 2012 წელს კვლავ დაბრუნდა ადგილზე. სტალინის ძეგლის მიმართ ადგილობრივების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ნეგატიურია, თუმცა საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება.
მემორიალური დაფის გახსნაზე შეიკრიბნენ ზემო ალვანის მოსახლეობა. მათ სიტყვით მიმართეს IDFI-ს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მსგავსი ხსოვნის ღონისძიებების მნიშვნელობას ეროვნული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში და მომავალი თაობების ინფორმირებისთვის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიულ მეხსიერებაზე კვლავ დიდია საბჭოთა პროპაგანდისტული ნარატივების გავლენა, რომელიც 100 წლის წინანდელ მოვლენებსა და გმირებს ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა.
გარდა ამისა, ქალაქ ახმეტაში IDFI-მ საინფორმაციო ბანერი განათავსა, რომელზეც 1924 წლის აჯანყების გმირები არიან გამოსახული.
100 წლის წინ საქართველოში საერთო-ეროვნული აჯანყება მოეწყო ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი და გაბო ცისკარიშვილი იყვნენ. სამივე მათგანი თანამედროვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში იყვნენ დაბადებული: ქაქუცა ჩოლოყაშვილი - მატანში, ალექსანდრე სულხანიშვილი - აწყურში, გაბო ცისკარიშვილი - ზემო ალვანში. მათ გარდა, 1924 წლის აჯანყებაში მრავალი ადგილობრივი მოქალაქე იყო ჩართული.
საინფორმაციო ბანერს თან ახლავს QR კოდი, რომელიც 1924 წლის აჯანყების სრულ კალენდარს გააცნობს დაინტერესებულ პირებს.
IDFI გეგმავს 2024 წლის აგვისტოს თვეში სხვადასხვა საინფორმაციო მასალითა და აქტივობით გამოეხმაუროს ამ მნიშვნელოვან თარიღს.