1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შესძლო. 1991 წლიდან 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა.
1874 წლის 19 მაისს, სოფელ ოქუმში (სამურზაყანო), მღვდლის ოჯახში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში აკაკი ჩხენკელი .
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 1918 წლის 26 მაისს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1920 წლის მაისში ბოლშევიკთა გადატრიალების მცდელობის ჩავარდნისა და წითელი არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, ლენინის მთავრობა დათანხმდა საქართველოსთან ხელშეკრულების მოწერაზე და 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“. სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო პირობა, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების ჯარებს არ განალაგებდა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ამ მუხლს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ და რუსეთის პირობების უკუგდებას ამჯობინებდნენ. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარენოე ჟორდანია, რომლისთვის საერთაშორისო აღიარების მიღწევა მთავარი ამოცანა იყო, დათანხმდა რუსეთის პირობებს. ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს კი არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. გარემო დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით: ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, სტრონციუმი და გამოიწვია დიდი სიკვდილიანობა და ხალხის მასიური დაავადება. ჩერნობილის კატასტროფა შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
1876 წლის 23 აპრილს, ქალაქ თბილისში დაიბადა ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლი ივანე ჯავახიშვილი.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები გაიმართა. 1978 წლის 14 აპრილს ხალხმრავალი პროტესტით ქართველები წინ აღუდგნენ სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსი შენარჩუნებაზე. 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილს ქართული ენის დღედ დაწესდა.
1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის პატივსაცემად, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა. 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".
9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
1864 წლის 9 აპრილს დაიბადა ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელთა კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.
დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, 1871 წლის 6 აპრილს, გორის მაზრის სოფელ სასირეთში დაიბადა.
ქართველი საზოგადო მოღვაწე, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წლის 5 აპრილს, თბილისში. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1957 წელს გადაასვენეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1991 წლის 31 მარტს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეფერენდუმის კითხვა იყო : "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა, 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.
2006 წლის 31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების ვადების, პირობებისა და გაყვანის შესახებ. რუსი ხელმომწერი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ალექსეი მასლოვი იყო. საქართველოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე- მამუკა კუდავა წარმოადგენდა.
1939 წლის 31 მარტს ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1992-1992), საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდია დაიბადა.
ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორი ნიკო მარი. მათ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს. 1917 წლის 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე კი, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1917წ. 27 მარტს რუსეთის დროებითმა მთავრობამაც აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. უკვე სექტემბერში 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათალიკოს პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს.
ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი რექტორი, ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ბაღში. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი (ავტორი - ი. ნიკოლაძე).
1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე გაიხსნა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. დამფუძნებელმა კრებამ თავის საწყის სხდომებზევე აქტიურად დაიწყო ეროვნული უმცირესობების საკითხების განხილვა. სწორედ ამ განხილვების პროცესში აფხაზეთის თვითმმართველმა ორგანომ - ეროვნულმა საბჭომ, შეიმუშავა აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ და მიმართა საქართველოს დამფუძნებელ კრებას: პირველი აფხაზური ეროვნული საბჭო, არჩეული საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული არჩევნების შედეგად, თავის 1919 წლის 20 მარტის სხდომაზე აფხაზი ხალხის სახელით ადგენს: 1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ვაცნობებთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დამფუძნებელ კრებას.2. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შედგენის და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით იქმნება თანაბარი რაოდენობის წევრებით დაკომპლექტებული შერეული კომისია საქართველოს დამფუძნებელი კრების და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მხრიდან. შერეული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აფხაზეთის ავტონომიის სტატუსის შესახებ უნდა იქნას შეტანილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი: ემხვარი.
1990 წელს ვილნიუსის ტრაგედიამ, ტელევიზიის ანძასთან და პარლამენტთან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალიც დაშავდა. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ლიეტუვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1990 წლის თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ახალმა დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წლის 11 მარტს.