1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. ოჯახს დღემდე მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. 1994 წლის თებერვალში ზვიად გამსახურდია გადაასვენეს გროზნოში. 2007 წელს კი მისი ცხედარი გროზნოდან თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
1878 წლის 23 დეკემბერს, იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორ-დამფუძნებელი საქართველოს ეროვნული გმირი მიხაკო წერეთელი.
ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, სკკპ წევრი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციები და ენციკლოპედიები აფიქსირებენ რეალურ თარიღს - 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის თაყვანისმცემლები, რომლებიც მისდევენ საბჭოურ ტრადიციას, ბელადის დაბადების დღეს 21 დეკემბერს აღნიშნავენ და კრემლის კედლის მახლობლად, საფლავზე ორი მიხაკი მიაქვთ.
ტიციან ტაბიძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. მან უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
ქართველი მხედარმთავარი და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი. 2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი "გენერალი მაზნიაშვილი". სოფელ სასირეთში კი მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
1921 წლის 12 დეკემბრის დილას თბილისის სკოლებში სწავლა ჩაიშალა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და ღირსების დემონსტრირება სრულიად მოულოდნელად თბილისელმა მოსწავლეებმა აიღეს საკუთარ თავზე - 12 დეკემბერს, 12 საათზე მასობრივი „შატალო“ ნაძალადევის სერზე შეერთდა. 1917 წლიდან უწყვეტ ომებში დაღუპული მამების, ძმების, ნათესავების ნაცნობის თუ უცნობის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიისა და არმიის ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე, ბავშვური ხმით ნამღერი ტრადიციული სამგლოვიარო ჰიმნისა და „დიდების“ შემდეგ, უცნობი მოსწავლის სიტყვა-მოწოდება გაისმა და სახალხო გვარდიის დღის მეოთხე და უკანასკნელი საჯარო აღნიშვნის ამბის ტრაგიკულ ექოდ დარჩა: „მამებმა შვილებს ანდერძი დაგვიდეს - ჩვენი ვალია ანდერძი შევასრულოთ და დახოცილ მებრძოლთა ძვლებს ფიცი მივცეთ, ფიცი მტკიცე, უშიშარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ გზას და სამშობლოსა და დემოკრატიისათვის ისევე ერთგულად დავდებთ თავს, როგორც ეს აქ განსვენებულმა მამებმა მოიმოქმედეს. ჩვენი მამები ციხეებში სხედან, ჩვენი მამები ტყეებში და მთებში გახიზნულან, ჩვენი მამები დახოცილები დარჩნენ ბრძოლის ველებზე და დამპყრობლებმა მათ გვამებზე გადმოაბიჯეს, ხოლო მკვდრები ყვავ-ყორნებს დაუტოვეს უპატრონოდ. მთელი ქართველი ერი ძაძებშია შემოსილი და ყოველ ქოხს გლოვა დაუფლებია, დაპყრობილი ქვეყანა გმინავს მონობის უღელქვეშ, ხოლო უცხო ძალები და მოღალატენი დაპატრონებიან ჩვენს საუნჯეს და ურცხვად ძიძგნიან. დღეს, ქართველი ერის გლოვის მეათე თვის თავზე საქართველოს სახალხო გვარდიის დღეს, ჩვენ აქ მოვედით, რომ მოვიგონოთ დახოცილი მებრძოლები და მამათაგან დადებულ ანდერძს კიდევ ერთხელ შევფიცოთ“.
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე. თავდასხმის შემდეგ აშშ ჩაება მეორე მსოფლიო ომში იაპონიის, გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგ. აშშ-ის ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსის დამარცხება გარდაუვალი გახადა.
II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლ ფერაძე ხშირად მფარველობდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს,რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა. 2013 წლის 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
1943 წლის 28 ნეომბრიდან 1 დეკემბრამდე ქალაქ თეირანში მიმდინარეობდა თეირანის კონფერენცია. ეს იყო გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) ლიდერთა (უინსტონ ჩერჩილი, იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი) შეხვედრა. კონფერენციაზე სათავე დაედო დიდ სამეულს, განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.
1990 წლის 25 ნოემბერი ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორის მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა.
1969 წლის 24 ნოემბერს აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება შეიმუშავა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა და მოიწონა გენერალურმა ასამბლეამ 1968 წლის 12 იანვარს. დოკუმენტის მიზანია, ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების პრევენცია და ამგვარი იარაღის მქონე სახელმწიფოების წრის შემოსაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება, ბირთვულ სახელმწიფოს უკრძალავს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბირთვული იარაღისა და მასზე კონტროლის სხვისთვის გადაცემას, ავალებს არ წაახალისოს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფო ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად.
2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია მიმდინარეობდა, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება.
1880 წლის 20 ნოემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში, ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა .
ქართველმა მწერალმა, პუბლიცისტმა, საზოგადო მოღვაწემ, „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გრიგოლ რობაქიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობასა და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს, ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ნეშტი საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.
ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს, თბილისში გარდაიცვალა. 21 ნოემბერს კი მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის გვერდით დაკრძალეს.
1944 წლის 15 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს რაიონებიდან ათეულობით ათასი მუსლიმი მესხი იძულებით გადაასახლა შუა აზიაში. რელიგიური ნიშნით გადასახლება ეხებოდა რაიონების ყველა მცხოვრებს, გარდა მუსლიმი მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. მუსლიმი მესხები პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით გადაჰყავდათ. გზაში რთულ პირობებს კი ყველამ ვერ გაუძლო და დაახლოებით, 17 000 დაიღუპა.
1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის დაიდო ზავი, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი. შეთანხმებას ხელი მოეწერა დილის 5 საათსა და 10 წუთზე, მარშალ ფერდინანდ ფოშის სარკინიგზო ვაგონში, კომპიენის ტყეში. ზავი ამოქმედდა დილის 11 საათიდან, რომლის აღსანიშნავად 101 ზალპი გაისროლეს.
1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა - ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივნისს ემიგრაციაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რადგან ასე უფრო იოლი იქნებოდა მისი საქართველოში გადასვენება. ანდერძი არ შესრულდა და იგი სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
1837 წლის 8 ნოემბერს დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ქართული მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდა ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხული - ილია ჭავაჭავაძე დაიბადა.