...
ფაქტები
სიახლეები
... 09 მარტი 2021
1956 წლის 9 მარტი

1956 წლის 9 მარტის ღამეს, მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მობილიზებული რუსული ჯარი, რომელმაც არ დაინდო არც ქალი, არც ბავშვი. ცეცხლსასროლი იარაღებითა თუ ხიშტებით ათეულობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ასობით დაჭრეს და დაასახიჩრეს. ყველაზე პატარა მსხვერპლი იყო 15 წლის ვარლამ ალავიძე. დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. არქივში დაცული ოფიციალური ცნობებით 9 მარტის ღამეს დაიღუპნენ: 1.უშანგი მერკველიშვილი - 17 წლის,2.ბორის ზარგარიანი - 16 წლის,3. ოთარ გობეჯიშვილი - 21 წლის,4. რაულ ლოლუა - 20 წლის,5. შოთა ელიზბარაშვილი - 26 წლის,6. იუზა წერეთელი - 18 წლის,7. შენგელი ნოზაძე - 20 წლის8. ჯიმშერ მამალაძე - 19 წლის,9. ვალერი ალავიძე - 15 წლის,10. ლევან ხანგულოვი - 16 წლის,11. ანზორ ჩაკვეტაძე - 24 წლის,12. კლიმენტი რევაზიშვილი - 20 წლის,13. კიაზო ჭანტურიძე - 16 წლის,14. თენგიზ შანიძე - 16 წლის,15. თემურ თოფურია - 24 წლის,16. თემურ ბურდული - 24 წლის,17. რევაზ გოგია - 16 წლის,18. მიხეილ მათიაშვილი - 19 წლის,19. გულნარა სვანი - 20 წლის,20. ამბროსი ქოქრაშვილი - 27 წლის,21. ნაზი ბენიძე - 30 წლის,22. ლამარა სვანი,23. გურამ ტუნიევი - 19 წლის,24. ნუგზარ ღვთისაური,25. ლაშა მაზავრიშვილი.  

... 09 მარტი 2021
აკაკი ბაქრაძის დაბადების დღე (1928 წელი)

1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე.

... 07 მარტი 2021
ჟიული შარტავას დაბადების დღე (1944 წელი)

1944 წლის 7 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, ქართული პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა დაიბადა. 

... 05 მარტი 2021
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა (1953 წელი)

1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე, საბჭოთა კავშირის მეორე ლიდერი, იოსებ სტალინი 74 წლის ასაკში, მოსკოვში, კუნცევოს დაჩაზე გარდაიცვალა.  ბიულეტენს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 1953 წლის 5 მარტის ღამით, ხელი 10-მა ადამიანმა მოაწერა. დოკუმენტი გვამცნობდა: „...თვალსაჩინო ცვლილებები შეიმჩნეოდა სასუნთქი ფუნქციის მხრივ: დაფიქსირდა პერიოდული (ე.წ. „ჩეინ-სტოქსის“) სუნთქვა. ამის გამო გაუარესდა სისხლის მიმოქცევა და უკიდურესად გაიზარდა ჟანგბადის უკმარისობა“. ბევრისთვის საიდუმლოებით მოცული ჩეინ-სტოქსი გახდა ტირანის მოშორების სიმბოლო და მნიშვნელოვანი ცვლილებების მაუწყებელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ბრწყინვალე მამაკაცი არა ერთი, არამედ ორნი იყვნენ: ინგლისელი ექიმი - ჯონ ჩეინი (1777-1836) და ირლანდიელი ექიმი - უილიამ სტოქსი (1804-1878). ისინი იყვნენ, არა მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმები, არამედ სამეცნიერო ნაშრომების ავტორებიც.   

... 05 მარტი 2021
იოსებ სტალინის გარდაცვალება (1953 წელი)

1953 წლის 5 მარტს,21:50 სა­ათ­ზე გარდაიცვალა სსრკ-ის სახელგანთქმული ლიდერი იოსებ სტალინი. "დიდი ბე­ლა­დის" გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ბევ­რი ვერსია არსებობს. ოფიციალური ვერსიით.: 28 თებერვალის 1953 წელს 74 წლის სტალინი ვახშმობდა უახლოეს აგარაკზე კუნცევოზე თავის თანამოაზრეებთან - მალენკოვთან, ბერიასთან, ბულგანინთან და ხრუშჩოვთან ერთად. 1 მარტს საღამოს, ლიდერის მცველებმა სტალინის სხეული ნახეს სამზარეულოში იატაკზე შარდის გუბეში. 4 საათის შემდეგ სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ ბერია და მალენკოვი. მხოლოდ მეორიე დღის შუადღეზე ჩავიდნენ ექიმები სასიკვდილოდ დაავადებულ სტალინთან. ისინი 5 მარტამდე იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის. ინსულტის გამო სტალინმა დაკარგვა ცნობიერება და ლაპარაკის უნარი, რის შედეგადაც, მას არ ქონდა გადარჩენის შანსი.   

... 02 მარტი 2021
მიხაკო წერეთლის გარდაცვალების დღე (1965 წელი)

მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 1965 წელს 2 მარტს, მიუნხენში, 87 წლის ასაკში.  მოგვიანებით, მისი ნეშტი მიუნხენიდან გაასვენეს საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.   2013 წელს მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება.

... 02 მარტი 2021
გურაბ გაბესკირიას დაბადების დღე (1947 წელი)

1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი და ფეხბურთელი, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია.

... 25 თებერვალი 2021
1921 წლის ოკუპაცია

 25 თებერვალს თბილისში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ამჟამინდელ საკრებულოს შენობასთან კომუნისტებით სავსე პირველი სამხედრო მანქანა დადგა. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.” 26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წითელმა არმიამ კი 25 თებერვლიდან 17 მარტამდე საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც დაიკავა. საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა. ასე დაიწყო  საქართველოს ოკუპაციის 70 წლიანი ისტორია.

... 23 თებერვალი 2021
იუნკერთა ხსოვნის დღე

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკური რუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა. კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.  

... 21 თებერვალი 2021
ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღე (1953 წელი)

1953 წლის 21 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილი უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა. 1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, ხოლო 1987 წელს კი ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც.  2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. 2002 წ. წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი".

... 19 თებერვალი 2021
მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე (1921 წელი)

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო მაყაშვილი  წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა. მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 2015 წლის 24 დეკემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

... 08 თებერვალი 2021
პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღე (1918 წელი)

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების იდეას სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა. მან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის  მზადება. 12 მაისს კი თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი  –  სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.  კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს კი უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

... 08 თებერვალი 2021
აკაკი წერეთლის გარდაცვალების დღე (1915 წელი)

1915 წლის 8 თებერვალს (ძვ.სტ. 26 იანვარი) 74 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი.  დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

... 05 თებერვალი 2021
ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე (1953 წელი)

1953 წლის 5 თებერვალს დაიბადა ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე.

... 14 იანვარი 2021
ნოე ჟორდანიას დაბადების დღე (1968 წელი)

1868 წლის (2) 14 იანვარს (მეტრიკის ჩანაწერის მიხედვით 1869 წლის 9 იანვარს (ძველი სტილით)), ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია დაიბადა.

... 11 იანვარი 2021
ნოე ჟორდანიას გარდაცვალების დღე (1953 წელი)

ნოე ჟორდანია, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1953 წლის 11 იანვარს. დაკრძალეს ლევილის ქართულ სათემო სასაფლაოზე. ჟორდანიას საფლავზე შემდეგი წარწერაა: „საქართველოს რესპუბილკის პირველი პრეზიდენტი. საქართველომ 1918 წ. 26 მაისს მისი მეთაურობით აღადგინა თავისი სუვერენობა რუსეთის 117 წლის ბატონობის შემდეგ." 

... 08 იანვარი 2021
მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების დღე (2018 წელი)

2018 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1993), აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი მარიკა ლორთქიფანიძე.

... 05 იანვარი 2021
აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების დღე

ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში, ბუსიკოს საავადმყოფოში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

... 05 იანვარი 2021
ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე (1862 წელი)

1862 წლის 5 იანვარს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი) დაიბადა ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918,1945) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრი, წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი.

... 21 დეკემბერი 2020
ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღე (1989 წელი)

1989 წლის 21 დეკემბერი ქართველი დისიდენტის, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის- ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა. ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.