1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური ლიბერალიზაცია - ე.წ. “პრაღის გაზაფხული” - შეეჩერებინათ. სპეცოპერაციაში სახელად „დუნაი“ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დასაკავებლად დაახლოებით 500000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოკუპაციისას დაიჭრა 500 ჩეხოსლოვაკიელი და დაიღუპა 108. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1991 წლამდე გაგრძელდა.
1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვინიტაძე.
2004 წლის აგვისტოში ზაზა დამენია იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში. 2004 წლის 26 აგვისტოს ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-მდე ადამიანი კი დღემდე დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.
2008 წლის 9 აგვისტოს, ტყვედ ჩავარდნილი 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. ქართველი სამხედროს წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. მოგვიანებით კი, ეს შემზარავი კადრები ინტერნეტში გაავრცელეს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა 41-ე ბატალიონი, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. გავრცელებული ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები აწამებენ, რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში არ ჩანს, რომ ანწუხელიძე დაჭრილია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას გარს ბევრი ხალხი ახვევია, სასტიკად სცემენ, მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან, ფეხებით ძლიერად ურტყამენ და მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე ითვლებოდა დაკარგულად, მანამ, სანამ ნოემბერში ათი ქართველის ცხედარი არ გადმოასვენს ცხინვალიდან და გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს. 2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2021 წელს მისი ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ ბირთვული შეტევა განახორციელა იაპონიის წინააღმდეგ და ატომური ბომბი Little boy (“ბიჭუნა”) გამოიყენა ჰიროსიმაში. აფეთქებამ 1,5 კმ-ის რადიუსში მიწასთან გაასწორა ყველაფერი. სულ კი ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებამ 286 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ბევრი დაიღუპა სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო; ისინი, ვინც ქალაქში ჩავიდნენ დასახმარებლად, რადიაციის ზემოქმედებით გარდაიცვალნენ. 3 დღის შემდეგ, 9 ავისტოს, ამერიკელებმა ატომური ბომბი Fat Man-ი (“მსუქანა”) ქალაქ ნაგასაკიში ჩააგდეს. აფეთქებამ 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (სულ დაიღუპა 162 ათასი ადამიანი). ქალაქის ნახევარზე მეტი სრულიად დაინგრა.
1937 წლის 22 ივლისს, ქართველმა პოეტმა, მთარგმნელმა და ესეისტმა პაოლო იაშვილმა, რომელიც ჯაშუშად, კონტრრევოლუციონერად და ტერორისტად იყო მონათლული, მწერალთა კავშირის შენობაში მოიკლა თავი.
„პოტსდამის კონფერენცია“ (17 ივლისი-2აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის (სტალინი), აშშ-ისა (ჰარი ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (უინსტონ ჩერჩილი) - უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა განხილულიყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში სამშვიდობო შეთანხმებების შინაარსი და პროცედურები. თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო შერჩეული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გმირი, რომელიც 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში.
ბასტილიის შტურმი 1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური განვითარება იყო საფრანგეთის რევოლუციაში. ბასტილიის ციხის აღება მეფის წინააღმდეგ ღია გამოსვლას ნიშნავდა. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული). ამჟამად 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე "ბასტილიის დღეს" უწოდებენ.
ქართველი პოეტი და „ცისფერყანწელთა" წევრი ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი — სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე) 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს,ზეწოლის ქვეშ სასურველი ჩვენება დააწერინეს და 13 ივლისს დახვრიტეს.
1850 წლის 11 ივლისს თბილისში დაიბადა ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი რექტორი (1918-1919), ორგანული ქიმიის კათედრის გამგე (1919-1927), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927) და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.
2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1972-1985 წლებში საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე..
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია არის ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მიღებული მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანია. დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე, 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.
ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი პაოლო იაშვილი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს, საჩხერის სოფ. გამოღმა არგვეთში.
მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს.
1903 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბაქოში, დაიბადა ქართველი დირიჟორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენი მიქელაძე.
1840 წლის 21 ივნისს (ძვ. სტ. 9 ივნისი), სოფ. სხვიტორში დაიბადა ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი.
1912 წლის 14 ივნისს (ძვ. სტ. 1 ივნისს ) გარდაიცვალა ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. ის დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.